რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ მას ჩინეთი ეხმარება, – ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში რაიმე სახის სამხედრო კონფლიქტი იქნება, რომელსაც ჩინეთი გამოიწვევს, მაშინ რუსეთი მასში რაღაც ფორმით ჩაერთვება, ჩინეთის მხარდაჭერით ან რაიმე სხვა გზით. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ ჩინეთი მას ეხმარება. ისინი რუსეთის ეკონომიკას მხარს უჭერენ და რუსეთს სამხედრო კომპონენტებს აწვდიან“, – განაცხადა ანტი ჰაკანენმა.
მისი თქმით, ჩინეთი დასავლეთს ყურადღებით აკვირდება.
„აქვს თუ არა დასავლეთს ძალა და გამბედაობა მაშინ, როდესაც ავტოკრატები და დიქტატორები ფიქრობენ, რომ ომის გაგრძელება კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ? ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ძალადობის წინააღმდეგ კვლავ ძლიერები ვართ. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს სიგნალია ძალადობისა და ომის წინააღმდეგ, ასევე სიგნალია ჩინეთისთვის და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის“, – აღნიშნა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.




