„ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლოებში დავების სტატისტიკა კლებადია“, – ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დინამიური, საქმიანი და გამჭვირვალეა, რაც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“.
ცნობისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ წარადგინა. მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2024 წელს აპარატში 200-მდე კორესპონდენცია შევიდა და 130 შეხვედრა გაიმართა. მიმართვიანობის ძირითად მიმართულებებს ვაჭრობასთან, აგრარულ მეურნეობასთან, ტრანსპორტთან, ლოჯისტიკასა და მრეწველობასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.
მისივე თქმით, დავების დიდი ნაწილი ფინანსთა სამინისტროზე მოდიოდა. დავები ასევე წარმოებდა საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ.
„რაც შეეხება რეგიონების მიხედვით მიმართვიანობის სტატისტიკას – 70%-ზე მეტი თბილისზე, დაახლოებით 10% კი აჭარაზე მოდის. ამ კუთხით ყველაზე ნაკლებად აქტიური გურია, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთია“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ბიზნესომბუდსმენმა სასამართლო დავების დროს მისი აპარატის სასამართლოს მეგობრის სტატუსით გამოყენების ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი რამდენიმე სასამართლო პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
www.bpn.ge




