“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის აშენება ქვეყანას რესურსების ათვისების შესაძლებლობას მისცემს” – მაია მელიქიძე

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის აშენება საქართველოს კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს, რესურსების უტილიზაცია, ათვისება მოხდეს.
როგორც მაია მელიქიძემ გადაცემა”ბიზნესპარტნიორში” აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია.
“აბრეშუმის გზის ფორუმის დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან ელექტროენერგიის ვაჭრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, დღის წესრიგში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის აშენება დგას, ქვეყანას ეს კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს, რომ ჩვენი რესურსების უტილიზაცია, ათვისება მოხდეს. პროდუქტი, რომლის ათვისება დღეს ჩვენ სიმბოლურად – 6 ცენტად შეგვიძლია, ევროპულ ბაზარზე შესაძლებელია, 5-ჯერ უფრო მეტად გავყიდოთ. შესაბამისად, ეს ფორუმი სწორედ ამ ურთიერთობების უფრო გაღრმავებას მოემსახურება”, – აცხადებს მაია მელიქიძე.
შეგახსენებთ, თბილისში, 22-23 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.
ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.