ლეონი უცხოეთში პირველ მოგზაურობას თურქეთსა და ლიბანში გამართავს

რომის პაპი ლეონ XIV წელს თურქეთისა და ლიბანის რვა ქალაქს ეწვევა, განაცხადა ვატიკანმა 27 ოქტომბერს. ეს მისი, როგორც პაპის, პირველი ვიზიტია იტალიის გარეთ და მოსალოდნელია, რომ ის რეგიონში მშვიდობისკენ მოწოდებით წარდგება.

ლეონი, პირველი ამერიკელი პაპი, თურქეთს 27-დან 30 ნოემბრამდე ეწვევა, შემდეგ
კი ლიბანში ჩავა და იქ 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე დარჩება.

მისი წინამორბედი, პაპი ფრანცისკე, ამ ორივე ქვეყანაში გეგმავდა ვიზიტს, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლო. ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო ლეონი პაპად 8 მაისს აირჩიეს.
თურქეთში ვიზიტისას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად, რომელსაც სტამბოლში უდევს ბინა, აღნიშნავს ადრეული ქრისტიანული ეკლესიის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების – ნიკეის – 1700 წლისთავს. მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ნიკეაში (ამჟამად იზნიკი) 325 წელს გაიმართა. ნიკეის საეკლესიო კრებაზე განიხილეს ეკლესიის უმთავრესი დოგმატიკურ-კანონიკური და იერარქიულ-ადმინისტრაციული საკითხები.

ლეონი ანკარაში შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, სტამბოლში ეწვევა “ლურჯ მეჩეთს” და სტამბოლის „ფოლკსვაგენ არენაზე“ კათოლიკურ მესას ჩაატარებს.

ლიბანში, ბეირუთში პაპი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს, უმასპინძლებს რელიგიათაშორის შეხვედრას და ღია ცის ქვეშ, ბეირუთის სანაპიროზე მესას ჩაატარებს.

პაპი ასევე ილოცებს ბეირუთის პორტში 2020 წელს მომხდარი ქიმიური აფეთქების ადგილას – აფეთქებამ 200 ადამიანი იმსხვერპლა და მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია.

თურქეთიც და ლიბანიც ძირითადად მუსლიმებითაა დასახლებული და პაპმა ფრანცისკემ თავისი 12-წლიანი მმართველობის დროს, რომლის დროსაც 47-ჯერ იმოგზაურა საზღვარგარეთ, დიდი ყურადღება დაუთმო დიალოგს მუსლიმებსა და კათოლიკეთა შორის.

რომის პაპის, ლეონ XIV-ის ლიბანში მოგზაურობის ოფიციალური დევიზია სახარებისეული „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“.
ფორუმი