ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლის ფარგლებში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავეს, ხოლო 7-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
„დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მოიპოვეს მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია, რომელთაც შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგება და თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოფა. სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით ჩარიცხული თანხები. ბენეფიციარებისათვის სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი 12,935,750 ლარიდან პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8,824,695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4,111,055 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“, — განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.
უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დამატებით, სააგენტოსგან კიდევ ერთი პროგრამით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრანტის სახით მიიღეს, საერთო ჯამში, 1 559 739 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
„დანაშაულებრივი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად ბრალდებულების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები. დანაშაულებრივი გზით მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა შეიძინეს და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გააფორმეს უძრავი ქონებები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გამოძიების პროცესში სრულად იქნა მოძიებული და დაყადაღებული. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5,670,793 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3,008,906 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი“, — აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
შეგახსენებთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით, 2025 წლის ივნისსა და აგვისტოს თვეში დაკავებულია 13 პირი, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი და სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი.




