ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის მიერ ტანჯვას განიცდიან, – ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებს.
„ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის მიერ ტანჯვას განიცდიან. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებს, დამოუკიდებელ მედიასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ზეწოლისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, სიმართლის თქმას განაგრძობს. დემოკრატია და თავისუფლება გვაერთიანებს – საზღვრებისა და პოლიტიკის მიღმა“, – წერს კშიშტოფ ბრეიზა X-ზე.
შეგახსენებთ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარული სესია ერევანში 28-30 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.




