პროკურატურის განცხადებით, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის ,,სმაილ თრეველ ჯორჯია“-ს წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.
ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან ერთად გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ,,ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს, ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა.
აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა კომპანიის 100 %-იანი წილი ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა და ორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ.
ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს გაუფორმეს ე.წ. მოჩვენებითი ხელშეკრულება ,,სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ.“ შეთანხმებისამებრ, დაზარალებულმა, კონკრეტული სამუშაოებისათვის განკუთვნილი 123 134 ლარი ბრალდებულებს გადასცა. ბრალდებულებმა, არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობის თანხა მიისაკუთრეს”.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.




