ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში მუშაობას შეიძლება ახლდეს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან. ეს არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება, გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გარეთ ანუ გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს უწევდათ პარლამენტში ჯერ არ შესვლის, ახლა კი შესვლის გადაწყვეტილების გამართლება.
„დღეს გახარიას პარტიიდან რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე. ის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა, როგორც თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი, სადაც არის 67 ათასი ამომრჩეველი. მან მიიღო 369 ხმა. მისი აქ ყოფნა ან არ ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის, აქედანაც შეგიძლიათ დაასკვნათ. ასევე, ეს ხალხი საუბრობს ლეგიტიმაციაზე, ვინც 67 ათასი ამომრჩევლისგან აიღო 369 ხმა. მესმის, რომ რთული მდგომარეობაა. წინა პარლამენტშიც იგივე იყო. გახსოვთ ნიკა მელიას განცხადება, „პუფი იქნება, ვინც შევაო“, ბოლოს პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში. მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფიზიკურად ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო არჩევნების აღიარება და არიან რთულ მდგომარეობაში, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ, მაგრამ უფრო სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჩვენ ვხედავთ, გარე მითითებებიდან გამომდინარე, რა პროცესებიც გვქონდა შარშან ოქტომბერში, როდესაც დამარცხებულს რადიკალურ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან, უცხოელ პოლიტიკოსებთან ერთად საკუთარი მარცხის აღიარება არ უნდოდათ. დაიწყეს გეგმა „ბე“-ზე მუშაობა იმისთვის, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება და მიეცათ საკუთარი მარიონეტებისთვის. ეს გეგმა ჩავარდა და საბოლოოდ, ჩავარდა 4 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლების ვერ შემდგარ დამხობას ვუყურებდით. აქვე გავიხსენებ რასა იუკნევიჩიანეს, რომელიც გარედან გულშემატკივრობდა ხელისუფლების დამხობას და პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. იქიდან გულშემატკივრობდა. შესაბამისად, ახლა უწევთ საკუთარ ამომრჩეველთან რაღაცნაირად გაამართლონ საკუთარი სამარცხვინო ქცევა – ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში რომ არ მუშაობდნენ და ასევე, შემოსვლა საქართველოს პარლამენტში.
ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას პარლამენტში შეიძლება ახლდეს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გარედან. ფაქტობრივად, პარტიაა, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება, გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გარეთ ანუ გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.




