თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე – უმრავლესობის სხდომა დღეს, 18:00 საათზე გაიმართება, კიდევ ერთხელ გავივლით ამ სარჩელის თაობაზე ჩვენს მოსაზრებებს

თუ მათ კითხვა გაუჩნდათ, რომ ესა თუ ის კანონი არაკონსტიტუციურია, ფანჯარა კი არ უნდა ჩაამტვრიონ და პოლიციის მანქანა კი არ უნდა ამოატრიალონ, უნდა მივიდნენ სასამართლოში და საგნობრივი დავა გამართონ – ეს დამოკიდებულება და მიდგომა სწორია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მხრიდან დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა, სადაც ისინი პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ მზად არის, ედავონ საგნობრივად, რადგან პარლამენტი ამ შემთხვევაში იქნება მოპასუხე.
„საპასუხო ნაბიჯების მომზადებაში, ალბათ, მეც მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენი სასამართლოში გაირკვევა. ჩვენ ეს მიდგომა არაკონსტიტუციურად რომ მიგვაჩნდეს, ასეთი ფორმით არ მივიღებდით. თუმცა პარლამენტს მიუღია კანონები, რომელიც არაკონსტიტუციურად ყოფილა ცნობილი – ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის.
რაც შეეხება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, ეს სარჩელი არ და ვერ შევა, რადგან რა ფორმით ხდება ეს თავად კონსტიტუციაშია აღწერილი. ანუ, სადავო არ არის, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაძლებელია. აქ საუბარია ყველა კონკრეტულ პირზე, რომელიც ახალი კანონით განისაზღვრა. პარტია არის კონკრეტული ადამიანების მიერ შექმნილი ორგანიზაცია. თუ პარტიამ რაიმე არაკონსტიტუციური ჩაიდინა, ნიშნავს, რომ იმ ადამიანმა და ხელმძღვანელებმა ჩაიდინეს ეს ყველაფერი. პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე ლაპარაკიც ზედმეტია და დავა ვერ გაიმართება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც პიროვნებებს შეეხება, იმაზე დავა შეუძლიათ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამასთან, შარმანაშვილმა ისაუბრა საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ რიგი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ამზადებს.
შარმანაშვილის თქმით, დღეს პარტიის ოფისში გაიმართება შეხვედრა, სადაც სარჩელი კიდევ ერთხელ გადაიხედება.
„უმრავლესობის სხდომა დღეს 18:00-საათზე გაიმართება. კიდევ ერთხელ გავივლით ამ სარჩელის თაობაზე ჩვენს მოსაზრებებს. თუ ჩავთვლით, რომ ის იმდენად სრულყოფილია, რომ შევიტანოთ – შევიტანთ, თუ უმრავლესობის მიერ ჩაითვლება რომ კიდევ რაღაცებია დასაზუსტებელი, ეს ის შემთხვევა არ არის, რომ 4-5 დღე ან ერთი კვირა რაიმეს გადაწყვეტს. არავის არ სჭირდება პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი, როცა სამართალთან გვაქვს საქმე. როგორც პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არ არის ის დასკვნა და ყველა მითითებული ფაქტი მტკიცებულებით არის დამტკიცებული, ასევე უნდა იყოს ეს სარჩელი. იმის გამო, რომ სასწრაფოდ რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, სამართლებრივი მხარე არ უნდა დაზიანდეს. მიტინგზე არ მივდივართ, მივდივართ სასამართლოში. თავს „ნაციონალებივით“ არ ჩავიგდებთ – წავლენ ასეთი ნარატივებით სტრასბურგში – წააგებენ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მივალთ სამართლებრივად, გამართული დოკუმენტით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
პარტიის ცნობით, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე, სარჩელს სასამართლოში 15:00 საათისთვის შეიტანს.