ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ჯამურ ექსპორტში კლების ფონზე, მათ შემთხვევაში წელს 9 თვეში საზღვარგარეთ პროდუქციის გაყიდვების ზრდა ფიქსირდება.
როგორც BMG-სთან „რთველისში“ აცხადებენ, მათი კომპანიისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი აზიის და ევროპის ბაზარია. კომპანიის დირექტორის, თორნიკე ჭიკაძის განცხადებით, „რთველისს“ გაყიდვების 25%-იანი ზრდა აქვს და მოლოდინია, რომ წელს ჯამურად ექსპორტზე 5 მილიონ ბოთლს გაყიდიან.
რაც შეეხება ჯამურად, 9 თვის მონაცემებით, ექსპორტის კლებას, თორნიკე ჭიკაძის განცხადებით, ეს ფაქტი რუსეთის ბაზარზე ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის შემოღებითაა გამოწვეული.
“ჩვენი კომპანიის გაყიდვების 80% მოდის აზიასა და ევროპაზე. წელს დაახლოებით 25%-იანი ზრდა აქვს. იცით, რომ ჩვენ არ ვართ მრავალწლიანი კომპანია, მე-5 წელს ითვლის ჩვენი კომპანია. აქედან გამომდინარე, ეს წელი ჩვენთვის როგორც საექსპორტო კუთხით, ისე შიდა ბაზარზე, განვითარებით გამოირჩეოდა. ჯამში, ვფიქრობთ, რომ წელს 20-დან 25%-მდე ზრდით დავხურავთ და 5 მილიონ ბოთლს გავიტანთ ექსპორტზე. ეს არის ჩვენი გეგმა, რაც გვინდა რომ შევასრულოთ.
რაც შეეხება, ჯამურ ციფრებს, ეს რუსეთის ბაზარზე გასულ წელს რეკორდული პროდუქციის გადატვირთვას უკავშირდება. რაც თავის მხრივ სამომავლოდ აქციზის გაძვირებას უკავშირდებოდა. ეს მაჩვენებლები ახლა უბრალოდ თავის ბუნებრივ ნორმებს უბრუნდება”, – განაცხადა თორნიკე ჭიკაძემ.
ცნობისთვის, წელს 9 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 189.8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურად 11.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ძირითადი კლება კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის, სადაც 9 თვეში ექსპორტი თითქმის 17%-ით 120.1 მლნ დოლარამდეა შემცირებული.
bm.ge




