CNN: ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინთან დისკუსიას ერთ-ერთი ყველაზე „კონსტრუქციული და პროდუქტიული” უწოდა. კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოს მახლობლად 15 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ გულახდილი მოლაპარაკება შედგა.
შეკითხვას, ენდობა თუ არა სი ძინპინს, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ „ენდე, მაგრამ შეამოწმე“. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მისი ვალდებულებაა ჩინეთთან კონკურენტული ურთიერთობები რაციონალური და მართვადი იყოს, რათა კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
CNN-ის კორესპონდენტის შეკითხვას, ისევ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ მართავს კომუნისტურ ქვეყანას.
-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მეთაური დიქტატორებს შეადარა 2023 წლის ივნისში, როცა კალიფორნიაში, ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე საუბრობდა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩინური აეროსტატის ჩამოგდებაზე. ივნისში, ბაიდენის ამ განცხადებას ჩინეთისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა და შეფასდა „აბსურდულ და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პროვოკაციად”.
15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე და სი ძინპინი შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინის პირველი, პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში.
2023 წლის თებერვალში აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს ჩინეთის მზვერავი აეროსტატი. ამ ფაქტის გამო, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გადადო პეკინში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც მხოლოდ 4 თვის შემდეგ შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ