და ჩინეთი ვაჭრობის ჩარჩოს შესახებ შეთანხმდნენ

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ვაჭრობის წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, ასეანის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ჰე ლი-ფენგს და მთავარ სავაჭრო მომლაპარაკებელს, ლი ჩენგანგს შეხვდნენ.
მაისის შემდეგ ეს მოლაპარაკებების რიგით მეხუთე რაუნდი იყო.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ჩარჩო, რომლის საფუძველზეც -ისა და ჩინეთის ლიდერები შეძლებენ სხვადასხვა საკითხის განხილვას ხუთშაბათს“, – განაცხადა ბესენტმა.
„ენბისისთან“ ინტერვიუში ბესენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შედეგად, სავარაუდოდ, პეკინი შეაჩერებს იშვიათი მინერალების ექსპორტზე დაწესებულ გაძლიერებულ კონტროლს, ამით კი ჩინეთი თავიდან აიცილებს ტრამპის მიერ დაანონსებულ 100%-იან საბაჟო გადასახადს ჩინურ საქონელზე.
მისივე თქმით, ტრამპი და სი ძინპინი მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ ამერიკელი ფერმერებისგან სოიოსა და სხვა აგროპროდუქციის შესყიდვის თემას, უფრო დაბალანსებულ ვაჭრობას, ასევე, აშშ-ში ფენტანილის კრიზისის მოგვარების საკითხს.
ჩინეთის წარმომადგენელმა ლიმ განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს „წინასწარ შეთანხმებას“ და ახლა დაიწყებენ შიდა პროცედურებს.
„აშშ-ის პოზიცია მკაცრი იყო. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები და კონსტრუქციული დიალოგი, რათა მოგვეძებნა საერთო გზები ამ პრობლემების გადასაჭრელად“, – აღნიშნა ლიმ.
ცნობისთვის, ტრამპი კვირას ჩავიდა მალაიზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე, რომელიც მისი ხუთდღიანი აზიური ტურნეს პირველი გაჩერებაა. ტურნე 30 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრით დასრულდება.