ლევან ცუცქირიძე – არსად წავსულვართ, აქ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე არ შესრულდება ხალხის მოთხოვნები – ახლა არის მომენტი, როდესაც წინააღმდეგობა უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე, ხვალ დამატებით ვიტყვით ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც გადავდგამთ

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პროტესტი არსად წასულა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება.
როგორც ცუცქირიძემ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტი მსვლელობა – „ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ მიმდინარეობს, განაცხადა, დღევანდელი შეკრება წარმოადგენს ერთწლიან სიმბოლოს – იმ დღიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ“ „საზოგადეობას არა მხოლოდ ხმები, არამედ თავისუფლებაც და მომავალიც წაართვა“.
„დღევანდელი შეკრება აღნიშნავს იმას, რომ ერთი წელის შემდეგ, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩვენთვის არა მხოლოდ ხმები წაერთმია, არამედ თავისიფლებაც და მომავალიც, ამასთან ეგონა, რომ დავიშლებოდით, დღეს ვიკრიბებით იმის სათქმელად, რომ არსად წავსულვართ, აქ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ შესრულდება ხალხის მოთხოვნები“,- განაცხადა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, პროტესტი არის წინააღმდეგობის მთავარი ფორმა, თუმცა მხოლოდ აქციებით შემოფარგვლა არ უნდა მოხდეს:
„პროტესტის გამოხატვა არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ფორმა. ეს აჩვენებს იმას, რომ აქ ვართ, დაუკმაყოფილებელია ჩვენი მოთხოვნები და არ ვეგუებით იმ უსამართლობას, რაც ხდება. გარდა პროტესტის გამოხატვისა, სხვა გზებიც უნდა იყოს გამოყენებული, რაც არის დიპლომატიური და პროტესტის სხვა შესაძლებლობები. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ჩვენი წინააღმდეგობა უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე. ამასთან დაკავშირებით „თავისუფლების მოედანს“ ხვალ, 11:00 საათზე, გვექნება ბრიფინგი და დამატებით ვიტყვით იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც გადავდგამთ“,- განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ხალხის მოთხოვნები რომ მოესმინა, პროტესტი არ გახდებოდა საჭირო.
„ხელისუფლება ხალხის მოთხოვმენს, რომ უსმენდეს, აქმადე გაიგებდა. მათ არ სურთ ხალხის მოსმენა, მაგრამ პატივს სცემენ ძალას. ერთადერთი ენა, რაც მათ ესმით ეს არის ძალის ენა, ამიტომ ჩვენ, მშვიდობიანი და დემოკრატიული ძალა ვჩვენოთ ყველას – ერთმამეთსაც და საერთაშორისო თანეგობრობასაც“, – განაცხადა ცუცქირიძემ.