თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სასტიკად არის მოკლული 26 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი. მას გიგა საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად ჯგუფიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. სამწუხაროდ ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოკლულის დედა მომხდარზე “ტვ პირველთან” საუბრობს:
“თურმე მთელი კვირა ისხდნენ, მთელი კვირა გვდარაჯობდნენ. ქვეყანაში, სადაც არ არის დაცული გიგა ავალიანი, არ არის დაცული არავინ.
გიგა ავალიანი თავის თავს თვითონ იცავდა, თავისი წესიერებით, პატიოსნებით, ზრდილობით, განათლებით, თავისი მენტალიტეტით. სადაც თავს დაესხნენ ვიღაც ლაწირაკი არასრულწლოვნები გიგა ავალიანს, იქ არც თქვენ არ ხართ დაცული.
ჩემთვის ახლა 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის… მე გიგა მომიკლეს. თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესია. ჯგუფურად მოკლეს, შეთანხმებით. მერე იქვე იყვნენ სასწრაფო რომ მოვიდა”, – ამბობს გიგა ავალიანის დედა.
- არსებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული “გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა”, რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.
AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ა.გ. დააკავეს.




