რატომ ტარდება ვადამდელი ნიდერლანდებში

რატომ ტარდება ვადამდელი ნიდერლანდებში
29 ოქტომბერს ნიდერლანდელები ვადამდელ არჩევნებზე მიდიან, რადგან მყიფე მმართველი კოალიცია მიგრაციის საკითხზე უთანხმოების გამო დაიშალა. ევროკავშირის სიდიდით მეხუთე ეკონომიკისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში გამართულ კენჭისყრას ყურადღებით დააკვირდებიან ევროპაში, სადაც ულტრამემარჯვენე პარტიებმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ (PVV), სავარაუდოდ, გაიმეორებს თავის 2023 წლის სეისმურ საარჩევნო გამარჯვებას, რომელმაც ევროპაში შოკი გამოიწვია. თუმცა, ანტიისლამური ორიეტაციის, ევროკავშირის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი ვილდერსი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება, რადგან სხვა პარტიებმა PVV-სთან კოალიციაში შესვლა გამორიცხეს. მთავრობის დაცემის პროვოცირებაში ვილდერსს მას შემდეგ ადანაშაულებენ, რაც მან თავისი პარტია კოალიციიდან იმ მოტივით გაიყვანა, რომ ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა ზედმეტად რბილი იყო. ასეთი მდგომარეობა მეორე ადგილისთვის ბრძოლას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის, რადგან იმ პარტიის ლიდერი, რომელიც მეორე ადგილს დაიკავებს, სავარაუდოდ, მიიღებს შანსს, კოალიციის ფორმირება სცადოს.
ამჟამად მეორე ადგილზეა ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის მემარცხენე-ცენტრისტული „მემარცხენე მწვანეები – შრომის პარტია“ (Groenlinks/PvdA) , რომელიც გარემოსდაცვით პრინციპებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევა. თუმცა, ნიდერლანდების პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი მაინც 42 წლის ანრი ბონტენბალია, რომლის ცენტრისტულმა CDA-მ („ქრისტიანულ-დემოკრატიული მოწოდება“) გამოკითხვებში სწრაფი ზრდა აჩვენა და მეორე ადგილისთვის იბრძვის. ვილდერსის მიერ ინსპირირებული ქაოსის შემდეგ, ბონტენბალი „ნორმალურ პოლიტიკაში“ დაბრუნების პირობას იძლევა და პოლარიზაციის დასრულების მოწოდებით გამოდის. ნიდერლანდელი ამომრჩევლები, როგორც ჩანს, ერთმანეთისთვის ტალახის მსროლელი პოლიტიკოსებით დაიღალნენ, რადგან გამოკითხულთა 40 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, რაც ყველა მოთამაშეს გარკვეულ შანსს აძლევს.
საბინაო პოლიტიკა, მიგრაცია, და ცხოვრების ღირებულება, – EenVandaag-ის გამოკითხვის თანახმად, ეს არის საკითხები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ნიდერალნდელი ამომრჩევლისთვის. ქვეყანაში, რომელსაც ევროპაში მოსახლეობის ერთ-ერთი ყვეალზე მაღალი სიმჭიდროვე აქვს, ხანგრძლივი საბინაო კრიზისი მძვინვარებს და ეს თემა მუდმივად იკავებს პირველ ადგილს ამომრჩეველთა პრობლემების ჩამონათვალში. მეორე ადგილზეა მიგრაცია, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ის ოდნავ ნაკლებად „ცხელი საკითხია“, ვიდრე გასული არჩევნების დროს იყო. მესამეა, მას მოსდევს კრიმინალი და ცხოვრების ღირებულება.როგორც გამოკითხვა აჩვენებს, კლიმატი ნიდერლანდელი ამომრჩევლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხად იქცა.
რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ამომრჩევლები ამბობენ, რომ მათი მთავარი საზრუნავია თავდაცვა, მას მოსდევს ომი ში, შემდეგ კი – ომი ღაზაში.
ბრძოლის ველი ხალხმრავალია – იქ, არც მეტი, არც ნაკლები 27 პარტია იმყოფება. თითოეული წარადგენს კანდიდატთა სიას, რომლებიც, პროპორციული საარჩევნო სისტემით, პარლამენტში არსებული 150 ადგილისთვის იბრძვიან. ეს ნიშნავს, რომ ნიდერლანდელ ამომრჩევლებს უწევთ უზარმაზარ ბიულეტენთან გამკლავება, რომელშიც ყველა კანდიდატია შეყვანილი. არჩევნები კვლავ ქაღალდის ბიულეტენით ტარდება. ხმების საერთო რაოდენობა იყოფა 150-ზე და ნებისმიერი პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს (ბოლო არჩევნებზე ეს ზღვარი დაახლოებით 71 000 ხმა იყო), პარლამენტში იღებს ადგილს. გერმანიისგან განსხვავებით, მინიმალური წარმომადგენლობითი ბარიერი არ არსებობს. მმართველობის ნიდერლანდური „პოლდერის“ სისტემის მიხედვით, არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი ძალა, რომ 76-ადგილიანი უმრავლესობა მოიპოვოს. ამიტომ, ჯადოსნურ რიცხვამდე (76) მისაღწევად, რთული მრავალპარტიული კოალიციები ყალიბდება.
კოალიციური ვაჭრობა ეგზიტპოლების დასრულებისთანავე იწყება და ხშირად მრავალი თვე გრძელდება. ბოლო მთავრობის ფორმირებას 223 დღე დასჭირდა. პარტიის ლიდერი, რომელსაც ყველაზე მეტი ადგილი აქვს, პირველი იღებს მთავრობის ფორმირების მცდელობის შანსს. სანამ გარიგება არ დაიდება, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დიკ სხოოფი ხელისუფლებაში დარჩება.
3 ივნისს ვილდერსმა, მოულოდნელად, თავისი „თავისუფლების პარტია“ (PVV) მმართველი კოალიციიდან გაიყვანა. მისი ეს ქმედება გამოწვეული იყო იმ იმედგაცრუებით, რომელიც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის ნელი ტემპებით განხორციელებამ გამოიწვია. „მე ხელი მოვაწერე უმკაცრეს საიმიგრაციო პოლიტიკას და არა ნიდერლანდების დაცემას“, – განრისხებას ვერ მალავდა მაშინ 62 წლის პოლიტიკოსი. მან წამოაყენა ულტიმატუმი და იმუქრებოდა, რომ მთავრობას ჩაძირავდა, თუ მიგრაციის შესამცირებლად შემუშავებული 10-პუნქტიანი გეგმა დაუყოვნებლივ არ განხორციელდებოდა. ჩაძირვის საფრთხის ქვეშ დამდგარი გემის გადასარჩენად, სამი სხვა კოალიციური პარტია ვალდესთან კრიზისულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ეს მოლაპარაკებები დაწყებიდან რამდენიმე წუთში ჩაიშალა.
ლიბერალური პარტიის „ხალხის პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (VVD) ლიდერმა, დილან იეშილგოზმა ვილდერსის მიმართ კოალიციური პარტნიორების საერთო აზრი გამოხატა და მის ნაბიჯს „სუპერ უპასუხისმგებლო“ უწოდა. „როგორ შეგიძლია ეს გაუკეთო ნიდერლანდებს?“ – აღნიშნა იეშილგოზმა, რომელმაც, მოგვიანებით, ვილდერსთან ერთად მმართველობა სამუდამოდ გამორიცხა.
წყარო: 1tv.ge