არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის გამონათქვამებთან დაკავშირებით კვლავ დაბარებულია საეპარქიო კომისიის სხდომაზე, რომელიც 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან საეპარქიო კომისიის მიერ მისთვის გაგზავნილი ყველა სადავო ციტატა არის სატელევიზიო გამოსვლებიდან, საეპარქიო კრებაც ღია უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის.
ითხოვდა რა ბრალდების გაცნობას, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არ გამოცხადდა 16 ოქტომბრის კომისიაზე. ახლანდელ დაბარებაზე, არქიმანდრიტის თქმით, ნაწილობრივ გაითვალისწინეს მისი მოთხოვნა და გაუგზავნეს სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატების ნაწილი, მეორე ნაწილი კი არ იცის, რისგან შედგება და პასუხს ვერ გასცემს.
„მე ვუპასუხე დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, რომ მე მჭირდება იმის განმარტება, თუ რას იწუნებენ და რა არის ჩემი შეცდომა, მაგრამ პასუხი ისევ არ არის. მაგალითად მოვიყვან ჩემს ერთ გამონათქვამს, რომელიც გამომიგზავნეს: „ეს არის ქვეყნის უბედურება. ქვეყანა იყიდება და არც მასწავლებელს ეპატიება და არც მღვდელს ეპატიება ამ დროს დუმილი. გაახილონ თვალები, ნუ დახუჭავენ თვალებს და ყურებიდან ამოიღონ ის, რითაც დაცობილი აქვთ, და მოისმინონ და შეხედონ, რომ ქვეყანა იყიდება, ქვეყანა გაიყიდა… დაშინებული მღვდელი და დაშინებული მასწავლებელი არის კატასტროფა”. მე ვერ ვხვდები, ამ ნათქვამში ეკლესიის მესვეურებისთვის რა უნდა იყოს პრობლემა. ალბათ, მათ არ სჯერათ, რომ ქვეყანა იყიდება და ერი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ალბათ, მათ არ სჯერათ, რომ სახელმწიფომ კურსი შეიცვალა და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარი ქვეყანა ჩამოიცილა. ან არ სჯერათ, ან ეთანხმებიან სახელმწიფოს ამჟამინდელ კურსს. ვინც ქვეყნის დაღუპვაზე, ჩვენი ქვეყნის კურსის შეცვლაზე ხმას არ იღებს, ის ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოს და მომავლის მტერია“, — წერს დოროთე ყურაშვილი.
ყველა სატელევიზიო ციტატა, რომლებიც „არ მოსწონს ეკლესიის მმართველ ადმინისტრაციულ ძალას“, არქიმანდრიტის თქმით, არის ტელეკომპანიების „ფორმულას” და „ტვ პირველის” გადაცემებიდან, რომელთა ტელეწამყვანები არიან: გიორგი თარგამაძე, ვახტანგ სანაია, გურამ როგავა, ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო ზურაბიანი, ინგა გრიგოლია, ვიკა ბუკია, თეა ადეიშვილი და ანი წერეთელი.
„ვფიქრობ, რომ ჩემთან ერთად ირიბად ამ ჟურნალისტებსაც ბრალს სდებენ ეკლესიის შეურაცხყოფაში, და ვფიქრობ, ამ ჟურნალისტებსაც უნდა მიეცეთ პასუხის გაცემის უფლება საეპარქიო კომისიაზე, რადგან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძისგან პირდაპირი თავდასხმის ობიექტები არიან. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ შეიძლება იყოს ამ კომისიის წევრი, რადგან ის ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ამბობს: „მინდა მოვუწოდო მამა დოროთეს, „ტვ პირველს“, „ფორმულას“ — ნუ ძალადობთ. თუ ვინმეს უნდა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, ძალიან ცუდი, მაგრამ, თუ მაინც გინდათ, უჩვენოდ გააკეთეთ”. ამ კომისიაზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უნდა იყოს დაბარებული, როგორც ბრალმდებელი, და მან უნდა დაამტკიცოს, სად და როდის ვიძალადეთ მე და ტელევიზიებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნდა დაისაჯოს იმ სასჯელით, რაც ეკუთვნის ათი მცნებიდან ერთ-ერთის დამრღვევს — ცილისმწამებელს. ამიტომაც კომისია ვალდებულია, რომ ეს ტელეკომპანიები დაუშვან კომისიაზე და მისცენ პასუხის გაცემის უფლება“, — აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე.
დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად გამოცხადდება საეპარქიო კომისიის სხდომაზე დაზემოხსენებულ ტელეკომპანიებსა და ჟურნალისტებს სთხოვს, ისინიც შეძლებისდაგვარად მივიდნენ, რათა საპატრიარქოს კარი გაიხსნას ერისთვის.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს, რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის გამო, საპატრიარქოს წარმომადგენლები ახსნა-განმარტებას სთხოვენ. ის 16 ოქტომბერსაც იყო დაბარებული საეპარქიო კომისიის სხდომაზე, სადაც „მკაცრი გაფრთხილება“ გამოუცხადეს.




