მრავალ ქვეყანაში გაყიდვების ზრდის ფონზე, ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების (BEV) გლობალურმა ბაზარმა 2024 წელს პირველად გადააჭარბა წლიური გაყიდვების 10 მილიონიან მაჩვენებელს, რაც 2023 წელთან შედარებით თითქმის 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია – ამის შესახებ Statista-ს პუბლიკაციაშია საუბარი.
სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) მონაცემებით, ნიშანსვეტური იყო ჩინეთის მიღწევა, სადაც ერთ თვეში ერთ მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მოცულობით გლობალურ ბაზარზე ჩინეთი დომინირებს, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კვლავ ლიდერობს ელექტრომობილებზე ადაპტირების კუთხით, ახალი ავტომობილების გაყიდვებში ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების წილის გათვალისწინებით.
ამ მაჩვენებლით, უკვე რამდენიმე წელია, ნორვეგია სიის სათავეში გვხვდება: 2025 წლის პირველ ნახევარში, PwC-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ამ ქვეყანაში ახლად რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 90%-ზე მეტი ელექტრო იყო, რაც რეკორდულია.
ჩრდილოეთ ევროპაში მსუბუქი ავტომობილების სრულ გაყიდვებში მაღალ წილს იკავებენ დანია და ნიდერლანდებიც, შესაბამისად, 63.5% და 35%-ით.
ევროპის გარეთ, გაყიდვებში ელექტრომობილების წილის მხრივ, ჩინეთი ლიდერობს, სადაც ეს თანაფარდობა 70.2/29.8-ზეა. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების წილი მსუბუქი ავტომობილის სრულ გაყიდვებში 7.3%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის მიერ მიღებული ზომები როგორებიცაა ელექტრომობილების გადასახადებისგან გათავისუფლება და სხვა შეღავათები, მათი პოპულარიზაციისთვის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, ნორვეგიული მოდელის სხვა ქვეყნებში მარტივად დანერგვა თითქმის შეუძლებელია. ნორვეგია ავტომობილების იმპორტსა და რეგისტრაციაზე მაღალ გადასახადებს აწესებს, რაც შიდა წვის ძრავიან მანქანებს მნიშვნელოვნად აძვირებს, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით. ელექტრომობილებისთვის გადასახადების გაუქმებით, ნორვეგია ფაქტობრივად სუბსიდირებას უკეთებს ელექტრომობილების შესყიდვას. ამასთან, ნორვეგიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო შემოსავალი, გადასახადების შემდეგ, 2025 წელს დაახლოებით 64,000 დოლარი იყო, რაც თითქმის უტოლდება აშშ-ის მაჩვენებელს, მაგრამ მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის საშუალო ანაზღაურებას.
bm.ge




