ეკა ციმაკურიძე – დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს სასამართლო და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას – ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ისევ რჩება პრობლემად

დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს სასამართლო და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას – ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ისევ რჩება პრობლემად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ ხელმძღვანელმა ეკა ციმაკურიძემ, დეოლიგარქიზაციის საკითხზე, საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორმა იცის, რა უნდა გაკეთდეს და საჭიროა პოლიტიკური ნების არსებობა, რაც მისივე შეფასებით, არ არის ან სუსტად არის გამოხატული.
„დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსური საკითხია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, რაც არ ხდება სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიურო შექმნილია და მუშაობს უკვე წელიწადზე მეტია, ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ისევ რჩება პრობლემად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ მიმართულებით დაიწყოს აქტიური მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატებში. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. დეოლიგარქიზაცია არის სამსჯელო საკითხი და უნდა შევძლოთ, რომ ოქტომბრამდე მივიდეთ ისეთი რეფორმებით, რომელიც არ დააზიანებს ჩვენი ევროინტეგრაციის გზას,” – განაცხადა ციმაკურიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი