21 ოქტომბერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია „როსნეფტმა“ საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა.
„როიტერსმა“ LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტანკერმა „კაისერმა“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირის ნავთობი გადაიტანა.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი „კაისერი“ არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.
„საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში“, – განმარტა შემოსავლების სამსახურმა.
თუ გემი და კომპანია არ არის სანქცირებული, მაშ რატომ არის რუსული ნავთობის დასაწყობება საქართველოს ტერიტორიაზე პრობლემური და რა საფრთხეს ქმნის ეს ქვეყნისთვის? – ვკითხეთ უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტს, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს, თეონა აქუბარდიას.
„რუსული ნავთობის საქართველოში გადასამუშავებლად შემოტანა პოლიტიკურად კიდევ ერთხელ ავლენს ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის სასარგებლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს დგომას, რამდენადაც რუსეთის ნავთობი არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაგრძელების რესურსი და სწორედ ამიტომ არის სანქცირებული მსხვილი რუსული კომპანიები დასავლეთის მიერ.
ეს დიდ საფრთხეს ქმნის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესისთვის, რამდენადაც უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად დგომა ნაწილობრივად ოკუპირებულ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში აბრუნებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.
· რა თქვა და არ თქვა შემოსავლების სამსახურმა განმარტებით განცხადებაში
21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში შემოსავლების სამსახურმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ გემი არ იყო სანქცირებული. ამავე განცხადებაში უწყებამ დაადასტურა, რომ ყულევში რუსული ნავთობი დაასაწყობეს.
„2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი“, – განმარტა შემოსავლების სამსახურმა.
თუმცა „როიტერსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში არსად არ წერია, რომ გემი ან გემთმფლობელი სანქცირებული იყო.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს. ვკითხეთ, რა ბედი ეწევა რუსეთიდან შემოტანილ 100 ათას ტონამდე ნედლ ნავთობს.
„საგადასახადო საიდუმლოების ფარგლებში, იმაზე მეტ კომენტარს, რაც განცხადებაში წერია, ვერ გავაკეთებთ“, – გვითხრეს ამ სამსახურში.
შემოსავლების სამსახურში არ გვიპასუხეს, „დროებითი შენახვის საბაჟო საწყობი“, სადაც ნავთობი ჩაიტვირთა, არის ყულევის პორტში თუ ნედლი ნავთობი დასაწყობდა ყულევის ახალგახსნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე.
თეონა აქუბარდია, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, თვლის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ნავთობის შემოტანა, ქვეყანას სანქციების საფრთხის ქვეშ აყენებს.
„რუსული ნავთობის შემოტანა ასევე ქმნის სამომავლო სანქციების ფონს, მით უფრო მაშინ, როცა რუსეთის ენერგო სექტორზე უკრაინა ახორციელებს ლეგიტიმურ დარტყმებს და ამით ასუსტებს რუსეთის აგრესიას.
„როიტერსის“ სტატიაში შეფასებით აღწერაში კარგად ჩანს ზიანის პოლიტიკური განზომილება, მიუხედავად იმისა, რომ „რუსნეფტი“ არ არის სანქცირებული ამ დროისთვის. შემოსავლების სამსახურის დროული გამოხმაურება სტატიის საპასუხოდ კვლავ აჩვენებს რეჟიმის ფულის კეთების ინტერესს ოკუპანტ რუსეთთან ერთად, ეკონომიკური რისკების ანალიზის გარეშე.
აქაც ჩანს, რომ მათთვის სუვერენიტეტის პრინციპს და ქვეყნის საშინაო და საგარეო ვექტორს ფასი არ გააჩნია.
შესაბამისად, შესაძლოა სანქციები საქართველოში ნავთობის მომწოდებელ კომპანიასაც დაუწესდეს და ამას მოწმობს მათ შორის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებაც, ისევე როგორც ყულევში ნავთობის შემომტან გემზე თვალყურის დევნებაც.
მთელი ეს პროცესი აჩვენებს ყველაზე მკაფიოდ ერთ რამეს: ამ ქმედებით ივანიშვილის რეჟიმი დგას რუსეთის გვერდით უკრაინის წინააღმდეგ ომში და წირავს საქართველოს არამხოლოდ ევროპულ მომავალს ამ გზით, არამედ რუსეთის მიერ მორღვეულ სუვერენიტეტს და უწყვეტ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.
· რა ვიცით ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ გამართა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
„2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს, ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები, ასევე პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე და მაკა ასათიანი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე 2024 წლის 22 ოქტომბერს
პროექტს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ახორციელებს.
„ბლექ სი პეტროლიუმის“ დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი მაკა ასათიანია, ყოფილი მოდელი. „ბლექ სი პეტროლიუმში“ მაკა ასათიანის კომპანია „მკ კაპიტალი“ 70.7 % წილს ფლობს, ხოლო დარჩენილი 29.3 %-ს კომპანია „დუნამისის“ მფლობელობაშია.
საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით „ბლექ სი პეტროლიუმის“ ქონება იპოთეკითაა დატვირთული.
იპოთეკარები არიან – სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკი“, სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველო“ და სააქციო საზოგადოება „საქართველოს განვითარების ფონდი“.
რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს, მთავრობამ დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებით არსებული ნორმა შეცვალა. დადგენილებაში ჩაწერეს, რა შემთხვევაში შესაძლებელი ქვეყანაში დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის იმპორტი.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის 16 ოქტომბრის დადგენილებით, დაბალი ხარისხის დიზელის იმპორტი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუკი ის „წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ იქნება იმპორტირებული“.
ასეთი ქარხანა კი საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია – ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ნავთობკომპანიები „როსნეფტი“ და „ლუკოილი“. ასევე მათი შვილობილი კომპანიები.
23 ოქტომბრის დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის შესყიდვებს აჩერებენ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ.
უცნობია რა ბედი ელის საქართველოში [ყულევში] დასაწყობებულ 100 000 ტონა ნედლ ნავთობს.
batumelebi.netgazeti.ge




