150 ტონამდე დღიური გადამუშავება, 150-მდე ახალი სამუშაო ადგილი, 22 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანადაფინანსება, – კახეთში ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა

150 ტონამდე დღიური გადამუშავება, 150-მდე ახალი სამუშაო ადგილი, 22 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანადაფინანსება, – კახეთში ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა
კახეთში ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „სვანიძის ზეთისხილის“ ახალი ქარხანა, რომელიც დღიურად 150 ტონამდე ნაყოფის გადამუშავებას ითვალისწინებს, აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, იტალიური და გერმანული წარმოების სისტემებით, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
საწარმო “ოცნების” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის დელეგატ გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში გია ბენაშვილთან ერთად გახსნა.
„ზეთისხილის კულტურა სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ბაღების გაზრდილი ფართობის პირობებში ყოველ წელს ველოდებით მზარდ მოსავალს. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროდუქციის ადგილზე გადამუშავება, რაც ქმნის დამატებით ღირებულებას; ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. დღეს გახსნილი ახალი საწარმო ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და მეტი ადამიანისთვის შექმნის კეთილდღეობას. ახალი საწარმოს შესაძლებლობები არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ზრდას, არამედ ექსპორტის გაფართოებასაც განაპირობებს. საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქცია დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს, რაც ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებში იქნება ასახული,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საწარმო სეზონურად 150-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობით შეივსება.
„ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ. საწარმო არამხოლოდ სვანიძის ბაღებს მოემსახურება, არამედ მთელი საქართველოს ფერმერების მოსავალს ჩაიბარებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს გვერდში დგომა და ის პროგრამები, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს” ,“ – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 3,208 ჰა ფართობზე გაშენდა ზეთისხილის ბაღები, რომლის თანადაფინანსების თანხამ 22 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
უწყების ცნობითვე, ზეთისხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ბანკების მიერ გაცემულია 9 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 27 სესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.