ხორვატიამ სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა

24 ოქტომბერს ხორვატიის პარლამენტმა ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ხორვატიის საზოგადოებრივი მაუწყებელი HRT იტყობინება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ორი თვის ხანგრძლივობა ექნება და “საბაზისო სამხედრო მომზადებას” უზრუნველყოფს.
სავალდებულო გაწვევის სისტემა ქვეყანაში 2008 წელს გაუქმდა.
ხორვატიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცვლილების მიზანი ახალგაზრდების იმ ძირითადი უნარებითა და ცოდნით აღჭურვაა, რომლებიც შესაძლოა მათ “ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კრიზისულ სიტუაციებში დასჭირდეთ”.
HRT-ის ინფორმაციით, გაწვეულები მიიღებენ ანაზღაურებას, ხოლო ის პირები, ვინც სამხედრო სამსახურზე უარს განაცხადებენ სამოქალაქო ალტერნატივის არჩევას შეძლებენ.
ხორვატიამ ივლისში მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩაატარა, რომელიც 1991-95 წლების ომში მიღწეულ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიეძღვნა – ომს, რომელმაც ქვეყანას ყოფილი იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობა მოუტანა.
tabula.ge