სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის, ანდრია ლილუაშვილის საქმის სხდომა დაიხურა.
სხდომის გახსნიდან მალევე პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა მოსამართლე ნანა შამათავას სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა. შამათავამ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც დამსწრე პირებს დარბაზი დაატოვებინეს.
ანდრია ლილუაშვილის დაკავების შესახებ პროკურატურამ ინფორმაცია 23 ოქტომბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, ანდრია ლილუაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ერთი დღით ადრე, 22 ოქტომბერს, ამავე ბრალდებით დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე.
პროკურატურა ანდრია ლილუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას აპირებს, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
ანდრია ლილუაშვილისთვის წარდგენილი ბრალი 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებს.
ამავე თემაზე:
· ანდრია ლილუაშვილის ჩხრეკისას თანხა ამოღებული არ არის – ადვოკატი
· ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა



