განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ანდრია ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს – სხდომა, სავარაუდოდ, დახურული იქნება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება.
დღევანდელ პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას იშუამდგომლებს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.
სხდომა მედიისთვის და საზოგადოებისთვის დიდი ალბათობით, დახურული იქნება, რადგან ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.