კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას ყველა ასპექტში – ბრძოლის ველიდან გლობალურ ბაზრებამდე. სტარმერმა ეს განცხადება ლონდონის სამიტის შემდეგ გაავრცელა.
სამიტზე უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების ლიდერებმა არაერთ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.
“ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, განსაზღვრავს ბრიტანეთის მომავალს ხვალ. მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას პუტინზე ბრძოლის ველიდან გლობალურ ბაზრებამდე”, – წერია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში – X.
What happens in Ukraine today shapes Britain's future tomorrow. Their security is our security. From the battlefield to the global markets, we are ramping up the pressure on Putin. pic.twitter.com/tdE3w74Q6S — UK Prime Minister (@10DowningStreet) October 24, 2025
ლონდონის სამიტს, რომელიც გუშინ, 24 ოქტომბერს გაიმართა ესწრებოდა არაერთი ევროპელი ლიდერი. მათ შორის, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. მათი ნაწილი სამიტს დისტანციურად ესწრებოდა. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
სამიტზე 20-ზე მეტმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ გლობალური ბაზრიდან ამოიღებენ რუსულ ნავთობსა და გაზს. კირ სტარმერმა თქვა, რომ ამის მიზანია შეწყვიტონ “რუსეთის საომარი მანქანის” დაფინანსება.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს – ლუკოილსა და როსნეფტს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდის ზეწოლას რუსეთის ენერგოსექტორზე და შეზღუდვას კრემლის შესაძლებლობას, დააფინანსოს საკუთარი ომის მანქანა.

 
				 
								
 
								

