თამარ ლორთქიფანიძეს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბრის აქციაზე პატრულის მანქანაზე ავიდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის მუხლებით წაუყენა.
-მ თავდაპირველად ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დააკავა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო. ასევე ბრალდებული, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თამარ ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.