აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ არ მოისვენებს, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება. ამის შესახებ ბლინკენი Twitter-ზე წერს.
“ტყვეობის 100 დღე ღაზაში – ეს ზედმეტად დიდი დროა. აშშ არ მოისვენებს, ვიდრე ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის, 6 აშშ-ს მოქალაქე, საყვარელ ადამიანებს არ დაუბრუნდება”. – წერს ბლინკენი.
მანამდე, ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმიდან 100 დღის გასვლასთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ მუშაობს მძევლების სახლში დასაბრუნებლად.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მძევლების სახლში დაბრუნების მიზნით მისმა ადმინისტრაციამ “აგრესიული დიპლომატია გაატარა”, რის შედეგადაც 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლება შეძლო.
“არასდროს დამავიწყდება ის მწუხარება და ტანჯვა, რომელიც ტყვედ აყვანილი ამერიკელების ოჯახებთან შეხვედრის დროს მოვისმინე. არავინ უნდა გაიაროს ერთი დღეც კი ისეთი, როგორიც მათ გაიარეს, არათუ 100. ამ საშინელ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პირობას ყველა მძევალთან და მათ ოჯახებთან – ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ მუშაობას ამერიკელების სახლში დასაბრუნებლად”. – თქვა ბაიდენმა.