„ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს პარტიების ასაკრძალ კანონზე

„ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს “ქართული ოცნების” მიერ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის გასასაჩივრებლად. როგორც დღეს, 24 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, “ძლიერ საქართველო – ლელოს“ მზად აქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში, რის შემდეგაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
“მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ქმედება, პირველ რიგში, ლახავს ევროკონვენციით განსაზღვრულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს”.
კუპრაძის განცხადებით, „პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ აბრუნებს საბჭოთა წარსულში, ივანიშვილის “რუსულ ოცნებას” ასრულებს და ამყარებს დიქტატურას”.
მან “განსაკუთრებით აბსურდული და ანტიდემოკრატიული” უწოდა კანონის იმ ნაწილს, “რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად”, ვინაიდან კუპრაძის თქმით, ეს “ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლს და საერთაშორისო ნორმებს”.
“პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება), რომლის მიხედვით, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს”, – თქვა კუპრაძემ ბრიფინგზე.
პოლიტიკოსის განცხადებით, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება პირდაპირაა აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პუნქტით და “საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, აუკრძალოს მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობა!”
მიმდინარე კვირაში „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი მ განაცხადა, რომ პარტიის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო სარჩელში ისინი 10 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას განიხილავენ.
სადავო პარლამენტის სპიკერის, ს განცხადებით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კვირის ბოლომდე შევა.
„ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აკრძალული პარტიის წევრებსა თუ მათთან დაკავშირებულ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას სამუდამოდ ჩამოართმევენ.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს, სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მის მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.
„ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა „ასაკრძალი“ ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი „თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან“.