საქართველოს სტრატეგიული მიზანი – დერეფნის ფუნქცია – იკარგება, თუკი არ იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან – ჩინეთი განიხილება, როგორც მთავარი აქტორი, – ამის შესახებ მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ჩინურ კომპანიებს ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებამდეც ჰქონდა შანსი იმისა, რომ პორტის მშენებლობის პროცესში ჩართულიყვნენ და ამ მხრივ, სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შემდეგ, არაფერი შეცვლილა.
მისივე თქმით, ჩინეთს არაერთხელ მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც არაერთ დოკუმენტშია გათვალისწინებული, “მაგრამ თუ რომელიმე დოკუმენტში გათვალისწინებული არ არის, ეს ჩინეთის მკაფიო პოზიციაზე ვერავითარ უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს“.
“ჩინეთში ვიზიტებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არა თუ არაფერია, არამედ ასეთი ტიპის ვიზიტები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებშია. როგორც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ რაღაც ისტორია შეთხზას, რათა ჩაითვალოს, რომ ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს, ეს რა საკვირველია, უმაქნისი იქნება.
გვახსოვს, იგივე ოპოზიციის ხმამაღალი განცხადებები, თითქოს ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაფორმება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შეუშლიდა ხელს, რაც მართალი არ აღმოჩნდა. ევროპის არაერთ სახელმწიფოს ჩინეთთან ძალიან ღრმა და ინტენსიური ურთიერთობები აქვს, რაც არის ნორმალური. ნახეთ, როგორია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ჩინეთთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა – თუნდაც ჩინეთისა და აშშ-ის.
საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე როდესაც საუბარია დერეფნის ფუნქციაზე, როგორი უნიკალური როლიც ბევრ სახელმწიფოს შეიძლება არ ჰქონდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთში მდებარე ისეთი დიდი ეკონომიკა, როგორიცაა ჩინეთი. ამიტომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც განიხილება როგორც მთავარი აქტორი – ჩინეთი განიხილება როგორც მთავარი აქტორი იმ სავაჭრო ურთიერთობებში, რომელიც საქართველოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
“ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში გაემგზავრა.