რუსეთში 2026 წლის მარტიდან ამოქმედდება „ორსული ქალებისა და ახალშობილების ერთიანი ფედერალური რეესტრი“, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა ორსულ ქალსა და მათი ორსულობის შედეგებზე. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ სახელმწიფო დემოგრაფიული და ოჯახური პოლიტიკის განხორციელების საბჭოს პირველ სხდომაზე განაცხადა.
ორსული ქალების რეესტრში ასევე შევა მონაცემები ახალშობილთა ჯანმრთელობის შესახებ.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომლის თქმითაც, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ორსული ქალებისთვის დახმარების ზომები არა მხოლოდ უმაღლეს, არამედ საშუალო სასწავლებლებშიც. პუტინმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ამოცანაა, ადამიანებმა იგრძნონ და გაიგონ, რომ მათ შეუძლიათ მშობლის მოვალეობების შერწყმა კარიერასთან და სწავლასთან.
„შეიძლება ეს ადვილი არ იყოს, მაგრამ შესაძლებელია და აუცილებელია“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა საშუალო განათლებაში: სკოლებს თუ კოლეჯებს.
2025 წლის დასაწყისიდან რუსეთში, სულ მცირე, 12 რეგიონმა დანერგა მშობიარობის შეღავათები (ფულადი შემწეობა) სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის. 40-ზე მეტმა რეგიონმა მიიღო მსგავსი ზომები კოლეჯისა და უნივერსიტეტის ქალი სტუდენტებისთვის.
რუსეთის ხელისუფლება ასევე ცდილობს აბორტის უფლების შეზღუდვას. ე.წ. აბორტის წაქეზება რუსეთის 23 რეგიონში ჯარიმით ისჯება, რამდენიმე რეგიონი კი ცდილობს აბორტის აკრძალვას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებში.
თუმცა, მიღებული ზომების მიუხედავად, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთში შობადობის მაჩვენებელი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
ფორუმი




