სახელმწიფომ უხარისხო ყურძნის რეკორდული რაოდენობა ჩაიბარა და არ იცის, რას უზამს ამ ყურძენს, რომელიც არ სჭირდება- გიორგი სამანიშვილი

,,რეკორდულად და ისტორიულად მძიმე წელი გვაქვს. 25 წელია, რაც ამ დარგში ვარ და ასეთი მძიმე მდგომარეობა არ გვქონია. უხარისხო ყურძნის რეკორდული რაოდენობა ჩაიბარა სახელმწიფომ, რომელმაც არ იცის, რას უზამს ამ ყურძენს და რომელსაც ეს ყურძენი არ სჭირდება”, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა უფროსმა, გიორგი სამანიშვილმა რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
სამანიშვილის ინფორმაციით, 2025 წელი ქართული მეღვინეობის ისტორიაში რეკორდულად ცუდი წელია.
,,სასწრაფოდ არის ბევრი რამ შესაცვლელი. შესაძლოა, მე არ ვიცი, მაგრამ ვერ ვხედავ ვერავის, ვინც ამაზე მუშაობს. მესიჯადაც კი არავინ გამოსულა და არაფერი უთქვამს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა კმაყოფილი და ბედნიერია ამ მძიმე მდგომარეობით. იგივე, აგრარული კომიტეტი უნდა იბარებდეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სთხოვდეს პასუხს, რას აკეთებს, რაში იხარჯება ამდენ მილიონს ბიუჯეტიდან, თუმცა, არ მგონია, მათაც აღელვებდეს ის მძიმე მდგომარეობა, რაც გვაქვს. გაცილებით მძიმე გვაქვს მდგომარეობა არა იმიტომ, რომ ჭარბი ყურძენი გვაქვს და ბევრი მილიონი იხარჯება, პრობლემა ის არის, რომ ეს არავის ანაღვლებს”,- თქვა გიორგი სამანიშვილმა.