შვედეთი უკრაინას 150-მდე Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა შვედეთში, ქალაქ ლინჩოპინგში გაიმართა.
კრისტერსონმა ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინამ და შვედეთმა ხელი მოაწერეს გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმებას საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს 100-150 Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ექსპორტის შესაძლებლობას.
„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ წინ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ დღეიდან მზად ვართ, შევისწავლოთ ყველა შესაძლებლობა უკრაინისთვის მომავალში დიდი რაოდენობით Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებისთვის“, – განაცხადა კრისტერსონმა.
ლინკოპინგში ჩასვლამდე ზელენსკი ოსლოში იმყოფებოდა, სადაც ნორვეგიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინას კიდევ 150 მილიონ დოლარამდე თანხას გამოუყოფს ბუნებრივი აირის შესაძენად, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგია და გათბობა.