ბელგიის სავაჭრო პალატების ფედერაციის წევრი, ფლანდრიას სავაჭრო პალატის (VOKA-ს) აღმასრულებელი დირექტორი, ტომ ლავარენი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაქებია, თუმცა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელმა კარიბჭემ, ქვეყანამ დამატებითი ღირებულების სერვისების შექმნაზე უნდა იზრუნოს – ამის შესახებ ლავარენმა მედიას აბრეშუმის გზის ფორუმზე განუცხადა.
“მე თვითონაც ერთგვარად დამაკავშირებელი რეგიონიდან, ფლანდრიიდან (ოლქი საფრანგეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების ტერიტორიაზე) ვარ, ანტვერპენის პორტით და კარგად ვხედავ, რომ ბევრი გამარჯვებაა თქვენს ანგარიშზე, ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა. მაგრამ, უნდა გესმოდეთ, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში ამ ზრდის სტაბილურად შენარჩუნება.
ამასთან, როგორც კარიბჭე ქვეყნისთვის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ქონა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე უნდა ფოკუსირდეთ [შუა დერეფნის] გარშემო დამატებითი ღირებულების მომტანი სერვისების განვითარებაზეც. სხვანაირად, ძალიან დამოკიდებული იქნებით დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებზე, რაც სამომავლოდ პრობლემებს შეგიქმნით.
შესაბამისად, ვიდრე ინარჩუნებთ სტაბილურობას და ქმნით დამატებითი ღირებულების სერვისებს, ყველაფერი კარგად უნდა გქონდეთ”, – განაცხადა ტომ ლავარენმა.
ლავარენმა მედიასთან ქართული ბიზნესგარემოც შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, თავად ინვესტორი არ არის, თუმცა საქართველოში და, მათ შორის აბრეშუმის გზის ფორუმზე წარდგენილ პრეზენტაციაზე დაკვირვებით ფიქრობს, რომ ევროკავშირს საქართველოსგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია: “განვითარების ტემპი, როგორ გასცემთ ლიცენზიებს, რამდენად სწრაფად ვითარდებით… ამ ყველაფერს პოზიტიურად ვაფასებ”.
მისივე თქმით, აბრეშუმის გზის ფორუმის მსგავსი კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს როგორ აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირთან დასაკავშირებლად.
