აცხადებენ, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი არის 6,5-7%… რეალურად, ვფიქრობ, ამის ნახევარია – ნიკოლოზ შურღაია

,,აცხადებენ, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი არის 6,5-7%. რეალურად, მე მგონია, რომ დაახლოებით ამის ნახევარია”,- ამის შესახებ ფინანსისტმა ნიკოლოზ შურღაიამ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, იმპორტის მაჩვენებელში უდიდეს წილს ს მიერ შემოტანილი ნახატები და რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილები შეადგენენ, რის გარეშეც იმპორტის ზრდა დაახლოებით 3%-ია.
,,აცხადებენ, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი არის 6,5-7%. რეალურად, მე მგონია, რომ დაახლოებით ამის ნახევარია და რატომ – პირველ რიგში, შემცირებული იმპორტით. საქართველოში იმპორტის ციფრებს თუ გამოვაკლებთ ს მიერ შემოტანილ სურათებს და გამოვაკლებთ ავტოიმპორტს, რომლის უმრავლესობა რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი, იმპორტის ზრდა დაახლოებით 3% იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და წლების მანძილზე იმპორტის ზრდა ბევრად უფრო ჩქარი იყო”,- ამბობს ნიკოლოზ შურღაია.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მოსახლოეობის დაახლოებით 1/3 ფორმალურად ან ფაქტობრივად უმუშევარია: 15% რეგისტრირებულია, დანარჩენი 18-20% კი სამსახურის ძიებას აღარ ცდილობს იმედგაცრუების გამო. შურღაია მიიჩნევს, რომ ამ მოსახლეობის ნაწილი ქვეყნისთვის პროდუქტიული ძალას არ წარმოადგენს, პირიქით, სოციალური დახმარების საჭიროება იზრდება.
,,მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი რომ ამოვარდნილია, ძალიან დიდი პრობლემაა ინკლუზიურობისთვის. მეორე ფაქტორი, რაც აჩვენებს, რომ ინკლუზიურობა დაბალია, იზრდება უმუშევრობა წელს, ასევე, იზრდება სოციალურ დახმარებაზე მყოფთა რიცხვი და ძალიან დიდია ეს მაჩვენებელი. რეალურად, ადამიანები ამოვარდნილი არიან პროდუქტიული სამუშაო ძალიდან, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს ხალხი როგორღაც არსებობს, მაგრამ რასაც ადამიანი ცხოვრებისგან ელის – მხოლოდ სახლში მისვლას და ტელევიზორის ყურებას კი არა, სპორტზე წასვლას, კინოში, თეატრში წასვლას, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დასვენებას, ამის საშუალება არ აქვს ძალიან დიდ ნაწილს, რაც უბედურებაა და კატასტროფაა. ამ ყველაფერს გარკვეული ობიექტური საფუძვლები აქვს, თუმცა, არც წინა და არც ამ მთავრობას არ აქვს გაკეთებული საკმარისი ადამიანების პროფესიული გადამზადებისთვის. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია განათლებისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობა და ამ მიმართულებით არასაკმარისი ხარჯვა”,- აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ “კომერსანტთან” ინტერვიუში.