„სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სუბსიდირება ყოველწლიური არ შეიძლება იყოს“ – „რთველისი“

„სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სუბსიდირება ყოველწლიური არ შეიძლება იყოს“ – „რთველისი“
“რთველისის” დამფუძნებლის, დირექტორის თორნიკე ჭიკაიძის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სუბსიდირება ყოველწლიური არ შეიძლება იყოს.
როგორც სექტორის წარმომადგენელი გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნავს, სწორი წარმოების განვითარებისთვის ბაზარმა ნედლეულის ფასი უნდა დაარეგულიროს.
“სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სახის სუბსიდირება ყოველწლიური არ შეიძლება იყოს. სუბსიდირება ხდება, როდესაც გარკვეული სახით და პერიოდში დარგს ხელი შეუწყო. სახელმწიფო ეტაპობრივად სუბსიდირებიდან გამოდის, ამ ყველაფერს ჩვენ ვეთანხმებით. კერძოდ, ბაზარმა ფასი უნდა დაარეგულიროს, რათა სწორი წარმოება განვითარდეს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ნაბიჯები გადასადგმელი იყო, რას გამოიწვევს ჯერ არავინ არ ვიცით, გარკვეული სახით თუ პროდუქცია გაძვირდა, ამას გავიგებთ, როდესაც წარმოებაში ახალი მოსავლით გაკეთებულ ღვინოებს ჩავუშვებთ. აღნიშნულ ნაბიჯებს, ალბათ, გარკვეული სახის დაკორექტირება დასჭირდება. ეს ყველაფერი ცოცხალი პროცესია, რომელიც კონკურენციაზე, სამეზობლოზეა მიბმული. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამისგან უნდა გამოსულიყო”, – აღნიშნავს “რთველისის” დამფუძნებელი.
თორნიკე ჭიკაიძე უშუალოდ რთველის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ, მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, წელს მიღებული ყურძნის მოსავალი ხარისხიანია, ხოლო სახელმწიფომ მევენახეების მხარდაჭერა მაქსიმალურად უზრუნველყო.
“ყველა ქართულ მწარმოებელს გამოწვევებით სავსე პერიოდი გვქონდა, კლიმატური პირობები საკმაოდ რთული გახლდათ. მიუხედავად ამისა მოსავალი კარგი გვაქვს, შესაბამისად, შევძელით რომ აღნიშნული მოსავლიდან ხარისხიანი პროდუქცია აგვერჩია. მსგავსი სახის გამოწვევებს ვერც მეწარმე, სახელმწიფო, მევენახე ვერ გამორიცხავს. ახლა დასავლეთის მხარეს გადავდივართ, ქართულ კომპანიებს დასავლეთის ყურძენი დაგვრჩა მისაღები.
ჩემი აზრით, წელს სახელმწიფომ მაქსიმალური გააკეთა, რომ მევენახეებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენოდათ. მეორე საკითხია, რა როგორ შეფერხდა, მაგრამ მაინც ყურძნის დაბინავება კარგად მოხერხდა”, – აღნიშნავს “რთველისის” დამფუძნებელი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
ამასთან, შეგახსენებთ, “რთველისის” ისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარანი განახლდა კომპანიის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ზუსტად ამ მარანში იწარმოება დღეს “რთველისის” ქვევრის ღვინო.
“რთველისი” დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რის შედეგადაც იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელი.
წყარო: „ბიზნესპარტნიორი“