სამი კოღო აღმოაჩინეს ისლანდიაში, რომელიც ანტარქტიდასთან ერთად ადრე ადგილად ითვლებოდა, სადაც ამ მწერების პოპულაცია არ იყო. მათი გამოჩენა შესაძლოა გლობალური დათბობის შედეგი იყოს, რომელმაც ქვეყანაზე გავლენა მოახდინა, – იუწყებიან Iceland Review და RUV ისლანდიის ბუნების ისტორიის ინსტიტუტზე დაყრდნობით.
მწერების აღმოჩენის შესახებ პირველად 16 ოქტომბერს ადგილობრივმა მცხოვრებმა ბიორნ ჰიალტასონმა Facebook ჯგუფში „ისლანდიის მწერები“ განაცხადა. „შებინდებისას წითელი ღვინის ძაფზე უცნაური ბუზი შევნიშნე“, – თქვა ბიორნმა და იგულისხმა ხაფანგი, რომელსაც მწერების მისაზიდად იყენებს.
„მაშინვე ვიეჭვე, რომ რაღაც რიგზე არ იყო და სწრაფად დავიჭირე ბუზი. ეს დედალი იყო“. მოგვიანებით, Iceland Review-ის ცნობით, მან კიდევ ორი ეგზემპლარი დაიჭირა და ბუნების ისტორიის ინსტიტუტში გაგზავნა, სადაც ენტომოლოგმა მატიას ალფრედსონმა დაადასტურა, რომ ისინი კოღოები იყვნენ, კერძოდ, Culiseta annulata – ს სახეობის.
„ეს ისლანდიაში კოღოების აღმოჩენის პირველი შემთხვევაა“, – განაცხადა მეცნიერმა. ალფრედსონმა აღმოჩენას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ყინვაგამძლე ამ სახეობას შეუძლია გადარჩენა ისლანდიის პირობებში, ზამთარში კი სარდაფებსა და ბეღლებში თავშესაფარს აფარებს თავს.
The Guardian–ის ცნობით, მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ კოღოები შესაძლოა ისლანდიაში გამრავლდნენ, რადგან ქვეყანას მრავალი ჭაობი და ტბორი აქვს, რომლებიც კოღოების გამრავლების ადგილებს წარმოადგენს. გაზეთი ასევე იუწყება, რომ ისლანდიის კლიმატი თბება და მისი მყინვარები დნება, რაც გლობალური დათბობის შედეგია.
წყარო: rbc
