აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა (მადლენა) ჩილაჩავა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო აქციაზე პირბადით ყოფნის გამო – მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე განიხილა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა.
„პირველი გადავალ [რუსთაველზე], არ მეშინია. მომკიდონ ხელი და დამიჭირონ… ასეთი სიმწარე გამოვლილს, მე რუსეთი უნდა მიყვარდეს? ვერასდროს შევიყვარებ რუსეთს – არასდროს გაიხარებს საქართველო ამათ ხელში…“ – უთხრა აზა (მადლენა) ჩილაჩავამ რადიო თავისუფლებას მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აზა ჩილაჩავა პოლიციამ კვირას, 19 ოქტომბერს გააჩერა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
„ავად ვიყავი და პირბადე მეკეთა, რომ დაწერეს ოქმი. სირცხვილი-მეთქი, – მე ვუთხარი, – გაციებულ, ბებიის ხელა ქალს რომ ასე ექცევით მეთქი…
[დამიჭირონ], ოღონდ ის ახალგაზრდები გამოუშვან ციხიდან… მე რა დამრჩენია, ჩემი თავი გადადებული მაქვს…“ – ამბობს ჩილაჩავა.
გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონები, რომელმაც კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება – აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე პატიმრობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო სამ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, მათგან 40-ზე მეტი უკვე სამართალდამრღვევად ცნეს.
19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
· გზის გადაკეტვისთვის.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.
მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:
„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.
