ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური სი ძინპინი შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს.
შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართა სან-ფრანცისკოსთან მდებარე ფილოლის მამულში. სი ძინპინი აშშ-ში იმყოფება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მიზნით.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს და სი ძინპინს გულახდილი და კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ არაერთ ორმხრივ და გლობალურ საკითხზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ჩინეთს კონკურენტული ბრძოლა აქვთ და, რომ შეერთებული შატატები ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს და ფასეულობებს და მოკავშირეებს და პარტნიორების. ჯო ბაიდენის თქმით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას, რათა ის არ გადაიზარდოს კონფლიქტში, კონფრონტაციაში, ან ახალ ცივ ომში.
თეთრი სახლის ცნობითვე, სამხედრო კონტაქტების განახლების გარდა, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ სხვა საკითხშიც. მათ შორის განახლდება თანამშრომლობა ნარკოტიკების უკანონო წარმოების და ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე, დაადასტურეს, რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემებთან დაკავშირებული რისკების დაძლევა და უსაფრთხოების გაზრდა.
შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინისა და ისრაელის შესახებაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განაგრძობს რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭრას, რათა უკრაინა ომიდან გამოვიდეს როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ტერორიზმისგან ისრაელის თავდაცვის უფლებას და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანამ თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ხაზი გაუსვა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. საუბარი იყო ტაივანზეც. ჯო ბაიდენმა თქვა რომ აშშ ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის მიერ სტატუს-კვოს ცალხმრივად შეცვლას და მხარს უჭერს უთანხმოების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინის პირველი, პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში.
2023 წლის თებერვალში აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს ჩინეთის მზვერავი აეროსტატი. ამ ფაქტის გამო, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გადადო პეკინში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც მხოლოდ 4 თვის შემდეგ შედგა.