ევროკავშირის ელჩმა ზვიად ცეცხლაძეს ციხეში წერილი მისწერა – დაფიონი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ზვიად ცეცხლაძეს ციხეში წერილი გაუგზავნა. ამ ინფორმაციას ცეცხლაძის დაფუძნებული ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” ავრცელებს.
ჰერჩინსკის გზავნილი არის პასუხი წერილზე, რომელიც ცეცხლაძემ ჯერ კიდევ აგვისტოში გაუგზავნა ევროკავშირის ელჩს გლდანის ციხიდან. ამ წერილით ცეცხლაძე ჰერჩინსკის სთხოვდა, დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, რათა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ გაეუქმებინათ.
საპასუხო წერილში ევროკავშირის ელჩი ცეცხლაძეს წერს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ევროკომისია საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.
“ძვირფასო ბატონო ცეცხლაძე, გმადლობთ თქვენი წერილისთვის, რომელიც გამოგვიგზავნეთ. ევროკავშირის დელეგაცია, პარტნიორ საელჩოებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით, როგორც რეპრესიების იარაღით დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. გმადლობთ ასევე, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეშფოთება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები მიღწევაა. ბოლო ანგარიშში მოცემული ვიზის შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციებთან შესაბამისობა შეფასდება ევროპის კომისიის მომდევნო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება წლის ბოლომდე”, – წერია წერილში.
“ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან. გაახსენეთ ის თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ევროპის ჰიმნით ეგებებოდა მარბიელ რაზმებს. გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ რჩება სიტყვები – “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!”, – მისწერა ზვიად ცეცხლაძემ ს 2025 წლის აგვისტოში.
ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის 4 დეკემბერს, 19 წლის ასაკში დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 9-თვიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას ბრალი 226-ე მუხლამდე გადაუკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რამაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა გამოიწვია. საბოლოოდ, ცეცხლაძეს 2,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ზვიად ცეცხლაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პროევროპული პროტესტის მონაწილეები მას სინდისის პატიმრად მოიხსენიებენ.
ამავე თემაზე:
· „თუ არ გავიდოდი ქუჩაში, შეიძლება სირცხვილის გრძნობას უბრალოდ მოვეკალი“— ზვიად ცეცხლაძის ბოლო სიტყვა სასამართლოში