პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მივიღეთ, განსაკუთრებით კი 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ, რამაც უფრო დაამძიმა „ოცნების“ მიერ შექმნილი ავტორიტარიზმი და მათ დამატებითი საბაბი და არგუმენტაცია მისცა, რომ საკუთარი მომხრეებისთვის დაესაბუთებინა, რატომ და რისთვის ამძიმებს კანონებს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, სადაც მან პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა, რაც პარტიის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში შესვლას გულისხმობს.
მისი თქმით, ბოიკოტმა ვერ უზრუნველყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეეჩერებინა და ანტიდემოკრატიული კანონები მიეღო.
„გრძელვადიანი ბოიკოტი იყო შეცდომა. მაშინ როდესაც „ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ეს სწორი ფორმა იყო, მაგრამ როცა ვაცხადებთ, რომ ეს იყო შეცდომა, პირველ რიგში, ვგულისხმობთ მანდატების ჩახსნას. საბოლოოდ მივიღეთ, რომ პარლამენტში დაწყებული ბოიკოტი – თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტად გადაიზარდა, რასაც 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო სპეცოპერაცია მოჰყვა შედეგად. ბოიკოტმა – ყველაფრის ბოიკოტის სახე მიიღო, პარლამენტში შესვლით კი „ოცნებას“ გავუწევთ წინააღმდეგობას, როგორც ხდება ნორმალურ, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნებში. არ ვამბობთ, რომ ჩვენი 12 ხმით შევძლებთ, რომ გარკვეული კანონპროექტების დაბლოკვას ან ჩვენთვის სასურველის დამტკიცებას შევძლებთ. „ოცნება“ დღეს აზიანებს ქვეყანას, რამდენიც არ უნდა ვეძახოთ მას და პარლამენტს არალეგიტიმური. ის მართავს დღეს ქვეყანას და მის ხელშია მთელი სახელმწიფო სისტემა, სამივე შტო, მათ შორის მე-4 ხელისუფლება [მედია]. ჩვენი როლია, რომ „ოცნებისგან“ გამოწვეული ზიანი შევამციროთ. პარლამენტი რომ არალეგიტიმური იყო და არის, ვერ გააკეთეს რაც სურდათ? ვერ შეაჩერეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი? ვერ მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები? „ოცნება“ ამას გააგრძელებს და ჩვენ რა ვქნათ, მანდატებით არ ვისარგებლოთ, რომელიც ხალხმა მოგვცა, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს პარლამენტში?
ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ „ოცნებას“ ევროპული მომავლისა და ქვეყნის დაზიანების გაგრძელების საშუალება არ მივცეთ, რიგ შემთხვევაში ამას ვერ მივაღწევთ, მაგრამ შევძლებთ, რომ ზიანი შევამციროთ. ოპოზიციის როლია, რომ საკუთარი ბერკეტები გამოიყენოს ხელისუფლებაზე მუდმივი წნეხისთვის. ვხედავთ გარეთ რაც ხდება, მაგრამ მას შემდეგ, როცა მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა, რომ ცვლილებების ერთადერთი ალტერნატივა ქუჩა იყო, სწორედ იმიტომ მოხდა ის უპასუხისმგებლობა 4 ოქტომბერს“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან კრიტიკისა, ისინი პარლამენტში განსხვავებული აზრის შეტანისთვის შედიან.
„ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საქმე არც გვქონია და არც გვექნება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ 4 ოქტომბერს ჩაიდინეს და როდესაც ასეთი განცხადებებით გამოდიან ჩვენს წინააღმდეგ, საკუთარ პასუხისმგებლობაზე იფიქრონ, რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა, ასევე ბიძინას და „ოცნებას“ საქმე ვინ გაუკეთა, მათ შორის, 4 ოქტომბერს. ხომ არ ავიწყდებათ, რომ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ, ე.წ. მშვიდობიანი დამხობისკენ?
ჩვენ ჩვენი გზა და სტრატეგია გვაქვს, ვერავინ კრიტერიუმებს ვერ გვიკარნახებს, როგორი უნდა იყოს ოპოზიციონერობა. ჩვენ ლანძღვას არ დავიწყებთ, რადგან ეს ჩვენი სტილი არ არის, ჩვენ პარლამენტში ლანძღვის გასაგრძელებლად არ შევდივართ, იმისათვის, რომ ჩვენი საქმე „ქოცურ“ რეჟიმში გავაკეთოთ. „ოცნებას“ გინების არ ეშინია, მას კონსტრუქციული კრიტიკის, ჯანსაღი ოპონირების ეშინია, როდესაც ისინი ფაქტებს, რეალობას და სიმართლეს ვერ გაექცევიან. ერთადერთი შემთხვევა ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდა, გიორგი გახარიას მისვლა იყო წულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გიორგი შარაშიძის შეფასებით, ქვეყანა ურთიერთდაპირისპირების, რადიკალიზმის, სიძულვილის ენის გამოხატვისა და პოლარიზაციის სპირალიდან უნდა გამოვიდეს.
„ჩვენ ყველა არსებულ ბერკეტს გამოვიყენებთ, ვისარგებლებთ ოპოზიციისთვის გამოყოფილი უკლებლივ ყველა ინსტრუმენტით, რადგან ეს ინსტრუმენტები აქამდე არ იყო გამოყენებული. „ოცნების“ მიერ ხელდასხმული, ხელოვნური ოპოზიციის ნაცვლად, რომ რეალურ ოპოზიციას რომ ჰქონდეს ინსტრუმენტები, ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ ამ სპირალიდან, რომელშიც ქვეყანა არის მოქცეული, რაც არის ზიზღის, ურთიერთდაპირისპირების, რადიკალიზმის, სიძულვილის ენის გამოხატვისა და პოლარიზაციის სპირალია და აქედან ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გამოვიდეთ. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ამ სიძულვილის ენას უპასუხებს გონიერი, მშვიდი, თანმიმდევრული, გაწონასწორებული და რაციონალური პოლიტიკით და ეს უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში, სხვა შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მივიღოთ, მათ შორის, ამ ყველაფრის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდის. ჩვენ წინ ვიყურებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითი შედეგი ექნება“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
