“გოგო, რომელმაც ქართული მოდის სამყაროში რევოლუცია მოახდინა“ – თაკო ნაცვლიშვილის წარმატების გზა, ბედნიერი ოჯახი და ამბები კულისებიდან – Marao
“გოგო, რომელმაც ქართული მოდის სამყაროში რევოლუცია მოახდინა“ – ასე აფასებენ ახალგაზრდა ქართველ მოდელს ტიკტოკის პლატფორმაზე. თაკო ნაცვლიშვილი მართლაც იყო შთამაგონებელი, სტიმულის მიმცემი მაგალითი იმ გოგონებისთვის, რომლებიც მოდელობაზე ოცნებობდნენ.
თაკო ნაცვლიშვილი ქართველი მოდელია, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება თავისი გასაოცარი სილამაზით, უნიკალური თვისებებითა და წარმატებული სამოდელო კარიერით მიიპყრო. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი თაკო სამოდელო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ქართველ სახედ იქცა.
თაკო ნაცვლიშვილ დაიბადა 1998 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში. თაკოს დედა ნინო ცქიტიშვილი “მის საქართველო 1997”-ის ტიტულის მფლობელი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. მისი მამა კი წარმატებული კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილია.
თაკოს კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, გადამწყვეტი მომენტი კი მაშინ დადგა, როდესაც ხელშეკრულება გააფორმა რამდენიმე პრესტიჟულ საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან, რამაც საშუალება მისცა განევითარებინა თავისი შესაძლებლობები საქართველოს საზღვრებს გარეთ. საერთაშორისო კამპანიებმა იგი გააცნო გლობალურ სცენას, სადაც მუშაობდა ცნობილ დიზაინერებთან და ბრენდებთან. წლების განმავლობაში ის იქცა მოდის სახლებისა და დიზაინერებისთვის მოთხოვნად მოდელად.
თაკოს კარიერა ნელ-ნელა ვითარდებოდა, მალე დაიწყო გამოსვლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მოდის კვირეულებზე, მათ შორის ნიუ-იორკში, მილანში, პარიზსა და ლონდონში. ამან საერთაშორისო სცენაზე გააძლიერა მისი, როგორც მოდელის სტატუსი და თაკო მალე გახდა ფავორიტი ცნობილ დიზაინერებსა და ფოტოგრაფებს შორის.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: “ვერსაჩი”, “არმანი”, “ელი სააბი”, “რალფ & რუსო”, “ზუჰაირ მურადი”, “დიორი”, “ჩალაიანი”, “იამამოტო” და სხვ.
მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წარმატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც “ჩაქრა”. საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“, – ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თაკო ნაცვლიშვილი ცნობილია თავისი დახვეწილი პერსონალური სტილითაც. თაკო თავისი პოსტების საშუალებით გვიზიარებს პირად ცხოვრებას, კადრებს კულისებში ფოტოსესიებიდან და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან. მისი თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული არიან მისი ავთენტურობით და უნარით, შეინარჩუნოს ბალანსი პროფესიულ ცხოვრებასა და პირად ინტერესებს შორის.
· Armani Collezioni Spring/Summer 2016 – თაკო ამ კოლექციის სახე გახდა, რაც მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
· Elie Saab Spring 2015 Couture – მონაწილეობდა Elie Saab-ის ჩვენებაში.
· Atelier Versace Spring 2015 Couture – გამოვიდა Versace-ის მაღალი მოდის ჩვენებაზე.
· Giorgio Armani Privé Spring 2015 Couture – Armani-ის მაღალი მოდის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
· Dior Spring 2015 Couture – მონაწილეობდა Dior-ის ჩვენებაში.
· Intimissimi Bridal US 2023 Campaign – 2023 წელს გახდა Intimissimi-ის საქორწინო თეთრეულის კოლექციის სახე.
· Make Up For Ever ‘Dream On' Holiday Collection 2024 – 2024 წელს გადაიღეს Make Up For Ever-ის საშობაო სარეკლამო კამპანიაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი თაკო ნაცვლიშვილის ცხოვრებასა და კარიერაში ყველა მოდელისთვის საოცნებო Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობის მცდელობა იყო.
Victoria's Secret ის შოუ მოდის სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. შოუზე რამდენიმე მიწვეული მოდელია, მონაწილეების ნაწილს კი კონკურსით არჩევენ, კასტინგი ნიუ-იორკში იმართება. პირველი მცდელობა თაკო ნაცვლიშვილის 2017 წელს ჰქონდა, როცა ფინალურ ეტაპამდე მიაღწია, თუმცა, საბოლოოდ, შოუსთვის არ შეარჩიეს. მის ნაცვლად Victoria's Secret-ის 2017 წლის გრანდიოზულ შოუში Dilone-მა მიიღო მონაწილეობა.
წარუმატებელი აღმოჩნდა თაკოს მეორე მცდელობაც 2018 წელს, როცა მან მეორე ტურში გადასვლა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტ მოდელად მოიაზრებოდა. მიუხედავად უარისა, თაკომ აქტიურად გააგრძელა კარიერა და არაერთ ცნობილ ბრენდთან თუ მოდის სახლთან ითანამშრომლა.
თაკო ნაცვლიშვილმა 2023 წლის 27 მაისს რჩეულზე, ოთო ხუროძეზე იქორწინა. თაკომ და ოთომ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა. წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. ცერემონიას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა. მშვენიერი პატარძლისა და ულამაზესი ქორწილის შესახებ კი დიდი ხნის მანძილზე საუბრობდნენ.
თაკო ნაცვლიშვილი დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კამპანიაში, ფოტოსესიასა თუ გადაღებაში, თუმცა ბოლო წლებში მისი საქმიანობის მთავარი სფერო საკუთარი ბიზნესია. თაკომ შექმნა ბრენდი, რომელიც ქალის თეთრეულს აწარმოებს. გარდა ხარისხისა და სტილისა, ბრენდს ისიც გამოარჩევს, რომ მისი კონცეფცია მთლიანად ეკომეგობრულობაზეა დაფუძნებული.
“ქალის თეთრეულით სულ გატაცებული ვიყავი. უცხოეთში სულ დავდიოდი მაღაზიებში და ვათვალიერებდი. ბოლო დროს, გადაღებებშიც სწორედ ამ მიმართულებით ვმონაწილეობდი. ბევრ ბრენდთან მომიწია თანამშრომლობა და ბევრი რამ ვისწავლე. საქართველოში ქალის თეთრეულის დიდი არჩევანი არ გვაქვს და რადგან ამხელა გატაცება მქონდა, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჩემი. წარმოება, როგორც პროდუქტები, ისე შეფუთვა, სრულად ეკომეგობრულია, რაც გულისხმობს, რომ გამოყენებული ქსოვილები არის ან გადამუშავებული, ან სხვა მოდის სახლებიდან დარჩენილი ნაჭრები” – ამბობდა თაკო.
სულ ცოტა ხნის წინ თაკომ გულშემატკივრებს კიდევ ერთი წარმატებისა და სიახლის შესახებ გაუზიარა ინფორმაცია: “ორი წლის წინ, პარიზში, ნინა გავაშელს ESMOD-ის საქართველოში ჩამოტანის იდეა გაუჩნდა – დღეს ეს რეალობაა! ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ ESMOD Paris-ის საქმიანობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად საქართველოში – ეს არის პირველი საერთაშორისო აკრედიტებული მოდის დიზაინისა და ბიზნესის პროგრამა ქვეყანაში. BTU-სთან პარტნიორობით, ჩვენ ვაძლევთ შანსს ადამიანებს, მიიღონ მსოფლიო დონის განათლება მოდის შესახებ, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან. დიდი მადლობა ყველას, ვისაც სჯერა ამ პროექტის”, – წერდა სოციალურ ქსელში მოდელი თაკო ნაცვლიშვილი.
გარდა სამოდელო კარიერისა, თაკო აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით და სოციალურ პროექტებში.” 2021 წელს ხელმძღვანელობდა პროექტს Activism: Post-Soviet Youth in Power”, რომელიც KALTBLUT Magazine-ში გამოქვეყნდა.
თაკო ნაცვლიშვილის კარიერა წარმატებით ვითარდება და ის კვლავაც რჩება მოდის ინდუსტრიის მოთხოვნად მოდელად.
