“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია” (ISFED) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც “ქართულმა ოცნებამ”, 2019-2025 წლებში, მასთან დაკავშირებული ონლაინ მედიის 22 კომპანიას/ორგანიზაციას სულ 1 503 708 ლარი გადაუხადა. იმავე მედიებმა ბიუჯეტიდან 4,3 მილიონამდე ლარი მიიღეს.
ISFED-ი წერს, რომ “ქართული ოცნების” ონლაინ მედიის ეკოსისტემა სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. აღნიშნული მედიასაშუალებები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: “ქართული ოცნების” პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით.
- ინფორმაცია ISFED-მა ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით გამოიკვლია.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ონლაინ მედია სააგენტოები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ. 2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1 159 შეადგინა.
ISFED-ი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნებისგან” დაფინანსებულ სააგენტოებს შორის პარტიისგან ყველაზე დიდი შემოსავალი (222 612 ლარი) შპს პრაიმ თაიმმა მიიღო, რომელიც გიორგი ქუთათელაძისა და თამარ ფხაკაძის მფლობელობაშია.
ასევე, საინფორმაციო სააგენტო “ნიუსჰაბის” მფლობელმა შპს პირველმა 2024–2025 წლებში სახელმწიფო ტენდერებშიც აქტიურად მიიღო მონაწილეობა. კომპანიას ტენდერების 100%-იანი მოგების მაჩვენებელი უფიქსირდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე და გასულ წლებში კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,617,744 ლარს მიაღწია.
“სამართლიანი არჩევნები” განმარტავს, რომ დაფინანსებული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან. კვლევაში აღნიშნულია, რომ მოცემული ონლაინ მედიები ტირაჟირებენ “ქართული ოცნების” გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონტენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში.
დამოუკიდებელი ონლაინ მედიის შეზღუდვის პირობებში, ლოიალური მედიასაშუალებების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ “ქართული ოცნების” მიზანი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა,” – წერს ISFED-ი.
სრული კვლევა იხილეთ აქ: isfed.ge