რა ღირს საცხოვრებელი ქონება რუსთავში?

“თბილისის ბევრ უბანს გადაასწრო რუსთავმა უკვე ფასებით,”, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ რუსთავის ბაზარზე მომუშავე უძრავი ქონების აგენტმა ალექსანდრე ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც უძრავი ქონების აგენტმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, რუსთავში ყაზახების აქტიური შემოდინება შეინიშნება, რამაც 60-70%-ით გაზარდა საცხოვრებელ ქონებაზე ფასები.
„ფასების მატება რუსთავში შესამჩნევად 7-8 წლის წინ დაიწყო ქირებზე, როცა მოკლევადიანი ბიზნესის გამო ყაზახებმა, თურქმენებმა, უფრო შუა აზიის ხალხმა დაიწყო ჩამოსვლა. თუმცა, ძირითადი წილი ყაზახებზე მოდის. თავდაპირველად მაქსიმუმ 1 კვირა ან 10 დღე რჩებოდნენ, იქვე ავტობაზრობასთან მდებარე სასტუმროში. ავტომობილს შეიძენდნენ და მალევე უკან ბრუნდებოდნენ. შემდეგ ნახეს, რომ უფრო იაფ ფასში გამოვიდოდნენ თუ აქ გააკეთებდნენ დაზიანებულ მანქანებს, რამაც მათ გრძელვადიან ვიზიტებს შეუწყო რუსთავში ხელი. შედეგად, როგორც წესი 3-6 თვე, ზოგი კი 1 წლითაც რჩება ქალაქში.
ბუნებრივია, ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია უძრავი ქონების ფასის აწევაზე. პირველადი გავლენა იქონია უშუალოდ ქირაზე. რაც შეეეხება ყიდვას, ვინაიდან, ქირა ძალიან მოთხოვნადი გახდა, ვისაც საშუალება ჰქონდა, დაიწყეს ბინების შეძენა და შემდეგ გაქირავება. ბიზნესად აქციეს ეს თემა და ბუნებრივია, ამან გავლენა იქონია და მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფასიც გაიზარდა.
თბილისის ბევრ უბანს გადაასწრო უკვე რუსთავმა ფასებით, იმ 7-8 წლის პერიოდს თუ ავიღებთ, რაც მე გითხარით, ბინები 60-70%-ით არის გაძვირებული ამ ქალაქში,“ – აცხადებს ალექსანდრე ცერცვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
ამასთან, უძრავი ქონების აგენტის თქმით, უცხოელები სტანდარტულად, ეძებენ 50 კვ.მ. ფართის ბინებს, ძირითადად, ახალაშენებულ კორპუსებში, რომლის დაქირავების ფასიც 1200-დან 1400 ლარამდე მერყეობს, რაც შეეხება ყიდვას, რუსთავში მსგავსი ფართის შესაძენად, დაახლოებით, 65 000 დოლარამდეა საჭირო.
რუსთავის უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კიდევ ერთი აგენტი კესი მეტრეველი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბინებზე ფასების ასეთი ზრდა მხოლოდ უცხოელების შემოდინებით არ არის განპირობებული, თუმცა ამან საცხოვრებელი ფართების გაძვირებაზე დიდი გავლენა იქონია.
„რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომთან და ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყაზახების შემოდინებამაც. ამის მთავარი მიზეზი კი რუსთავში მდებარე ავტობაზრობაა. ნამდვილად ძალიან აიწია ფასებმა. ერთოთახიანი ბინა, გარემონტებული, ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე, წლების წინ თუ ღირდა 19 000 დოლარი, დღეის მდგომარეობით ფასი 45 000 დოლარია. ახლახანს 52 000 დოლარადაც კი გაიყიდა ერთოთახიანი ბინა, წარმოიდგინეთ. ფასების მიუხედავად, მოთხოვნა იმხელაა, ფართი გასაყიდი არ რჩებ. მაგალითად, ძალიან აქტიურად ყიდულობენ ემიგრანტები და შემდეგ დოლარში აქირავებენ უცხოელებზე. ეს როგორც ქირის, ასევე ყიდვის ფასსაც ბუნებრივია წევს“, – აცხადებს უძრავი ქონების აგენტი.
როგორც წესი, ბინის ფასი განსხვავებულია ადგილმდებარეობის, პროექტის, საცხოვრებელი პირობებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, თუმცა, ბაზარზე მომუშავე აგენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ოთახების რაოდენობის შესაბამისად, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ფასები რუსთავში, საშუალოდ, ასე გამოიყურება:
· ერთოთახიანი ბინა – 35 000-დან 55 000 დოლარამდე;
· ოროთახიანი ბინა – 50 000-დან 65 დოლარამდე;
· სამოთახიანი ბინა – 60 000-დან 80 000 დოლარამდე.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი