“გადაადგილება აქვს აღკვეთილი, მაგრამ ეუბნებიან, დაკავებული არ ხარო” – ადვოკატი თამარ თოთლაძეზე

მოქალაქე თამარ თოთლაძემ, დაახლოებით ერთი საათის წინ [12:30] სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიციამ სკენ მიმავალ გზაზე, სამტრედიაში გააჩერა და იძულებით მიჰყავს თბილისში.
ის გზიდან დაუკავშირდა ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილს, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს. ავსაჯანიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ თოთლაძე გააჩერა პოლიციელმა ვალერი დვალიშვილმა, რომელმაც არაერთხელ განუმარტა, რომ დაკავებული არ არის. თუმცა, მას გადაადგილება შეუზღუდა, ფაქტობრივად, იძულებით ჩასვა მანქანაში და წაიყვანა თბილისისკენ, სასამართლოში.
ადვოკატი განმარტავს, რომ მსგავსი საპოლიციო მოქმედება არ არსებობს.
“უკანონოდ შეაჩერეს. აუდიო ჩანაწერიც გვაქვს, რომ ფაქტობრივად დაკავებული არ არის, მაგრამ მანქანაში ჩასვეს, თბილისის მიმართულებით მოჰყავთ. ვინმე ვალერი დვალიშვილი არის პოლიციელი, რომელიც ამ ტრანსპორტირებას ახორციელებს. ფაქტობრივად, გადაადგილება აქვს აღკვეთილი, მაგრამ ეუბნებიან, რომ დაკავებული არ ხარ, უბრალოდ უნდა ჩაგიყვანოთ თბილისშიო. როდესაც ჩამოიყვანენ, შემდგომ შეუდგენენ ოქმს და იტყვიან, რომ ჰქონდათ ამის საფუძველი. ჩვენდა საბედნიეროდ, აუდიო მასალა გვაქვს, სადაც ეს პოლიციელი ეუბნება, რომ არანაირად, არც დაკავებული ხარ, არაფერი მსგავსი […] თვითონ პოლიციელმა უთხრა, დაკავებული არ ხარ, უბრალოდ თბილისში უნდა წაგიყვანო, სასამართლოშიო. თამარმა უთხრა, ჩემი ფეხით წამოვალ, არავის არ დავუბარებივარო. მაგრამ, თავისუფლება აქვს აღკვეთილი.”, – ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.
ადვოკატმა არ იცის, რა საფუძვლით მიჰყავს პოლიციას თოთლაძე სასამართლოში, რადგან დეტალები არც თავად პოლიციელს განუმარტავს მისთვის. პოლიციას თოთლაძისთვის არც მისი უფლებები განუმარტავს.
ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ ის დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა თოთლაძეს მობილურით და აქვს აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, მათ შორის, პოლიციელის ვლადიმერ დვალიშვილის ხმა, რომელიც მოქალაქეს ეუბნება, რომ დაკავებული არ არის. თუმცა, არც თავისუფლებას გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.
ბოლო ორ დღის განმავლობაში მსგავსი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა – პოლიციელები მოქალაქეებს ქუჩაში, სახლთან და სხვა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აჩერებენ და მიჰყავთ სასამართლოში, სადაც “ქართული ოცნების” ახალმიღებული რეპრესიული კანონის საფუძველზე მათთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობენ.
დღეს, 20 ოქტომბერს, თოთლაძის გარდა პოლიციას სასამართლოში წაიყვანა ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილიც. აქტივისტ ნათია გაბრავას ინფორმაციით, პოლიციას სასამართლოში გადაჰყავს თემო სარალიძე, ნინო ბერუაშვილი და საბა ჯაფარიძეც.
ამავე თემაზე:
· სავარაუდოდ, აკავებენ “ფორმულას” ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს
· 18 ოქტომბერს აქციაზე ყოფნის გამო დაკავებულების უმეტესობას პატიმრობა შეეფარდა

ასევე დაგაინტერესებთ