ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დასაქმებულების, დამსაქმებლის და მომხმარებლების ინტერესების ბალანსია – ამის შესახებ კომპანია “დიოს” დამფუძნებელმა თამაზ დაუშვილმა BMGtv-ის გადაცემაში “ანალიტიკა” განაცხადა.
დაუშვილის თქმით, ხელფასების ზრდა ხშირად არ არის პირდაპირ კავშირში პროდუქტიულობასთან, და ის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებზეა დამოკიდებული.
“ჩემთვის პირადად ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანების ხელფასი იზრდება და ამის საშუალება აქვს ბიზნესს. მე ყოველთვის ვეუბნები თანამშრომლებს, რომ მე არასდროს არ მენანება თქვენთვის თანხა, მთავარია ჩვენ შევძლოთ სწორი ბალანსის დაჭერა სამ დაინტერესებულ მხარეს შორის. და ეს სამი დაინტერესებული მხარე არის თავად დასაქმებული, დამსაქმებელი, ანუ ბიზნესის მფლობელი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ვინც ყველაფერს განაგებს და ყველაფერს კარნახობს – მომხმარებელი. ბიზნესის მმართველის მთავარი გამოწვევაა, როგორ მოახერხოს ამ სამი დაინტერესებული მხარის ინტერესების დაბალანსება, რაც ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა”, – განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
მისი თქმით, ხელფასების ზრდა მნიშვნელოვანია, როცა იზრდება ცხოვრების დონე, მაგრამ ეს მეორე მხრივ იწვევს ფასების ზრდასაც.
“ერთია, რომ არის მოლოდინები, როცა ცხოვრების დონე იზრდება, ადამიანის მოთხოვნებიც იზრდება, იზრდება ასევე კონკურენციაც თვითონ დასაქმებულებს შორის სხვადასხვა პროფესიებში. ბუნებრივია, ამას მივყავართ ხელფასის ზრდამდე, მაგრამ მეორე მხარეს არის კონკურენცია, სადაც ბიზნესი ეჯახება გამოწვევას, რომ თუ ხელფასები გაიზრდება, ან უნდა გაიზარდოს ფასები, ან უნდა შემცირდეს კომპანიის მოგება. ყველაზე მარტივია ფასების ზრდა, მაგრამ ფასების ზრდას შემდგომ მივყავართ გაყიდვების შემცირებასთან. ამიტომ რთულია ამის დაგეგმვა. ჩვენ ხომ არ ვართ რაღაც საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელსაც გარანტირებული აქვს შემოსავლები და შეგიძლია თქვა, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ყოველ წელიწადს 5%-ით გავზრდი ხელფასს. კარგია ამის საშუალება რომ იყოს, მაგრამ არ არის ამის საშუალება, ვინაიდან თვითონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ გვაძლევს საშუალებას”, – განაცხადა ბიზნესმენმა.
მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე, გრძელვადიანი გეგმების შედგენა რთულია, რასაც ემატება სამუშაო ძალის ძალიან დიდი გადინება უცხოეთში.
bm.ge
