წელს პირველად საქართველოს ელექტროსისტემას ხუთი მცირე მზის ელექტროსადგური დაემატა, რომელთა დადგმული ჯამური სიმძლავრე 10 მეგავატია.
სადგურების მშენებელი კომპანიის “ალაზნის მზის” და “კახეთის მზის” დირექტორი ნინო მჭედლიშვილი BMGtv-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მზის სადგურების მშენებლობას ჯამში ორი წელი დასჭირდა.
“კვლევითი ეტაპი 9- 12 თვემდე გაგრძელდა. თუ არ ჩავთვლით ნეტო სადგურებს, ეს იყო ჩვენთვის პირველი მსგავსი პროექტი. ჯამში მის განსახორციელებლად ორი წელი დაგვჭირდა.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, ისინი კახეთის რეგიონში გვაქვს, რადგან კახეთი გამოირჩევა ენერგორესურსით, თუმცა შედარებით ნაკლები გენერაციის ობიექტია. იდეა დაიწყო აქედან, რომ გაგვეჩინა თუნდაც მცირე სიმძლავრის გენერაციის ობიექტები და ამით შეგვემცირებინა ენერგოდანაკარგები და გაგვეძლიერებინა სისტემის სტაბილურობა. დავიწყეთ დაახლოებით 25 პროექტის განხილვა. დღეს კი უკვე ხუთი პროექტი განვახორციელეთ. ისინი გაშლილია დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. თითო სადგური იკავებს სამიდან ოთხ ჰექტრამდე მიწას. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ტერიტორიის შერჩევა, რადგან ის არ ყოფილიყო აგრო მიმართულებით გამოყენებული და ასევე ქვესადგურთან სიახლოვე უნდა იყოს, რათა მაქსიმალურად შევამციროთ დანაკარგები”, – აცხადებს მჭედლიშვილი.
