“ასობით მილიონი დოლარის მოგებაზეა საუბარი“ – რატომ შეიძლება სურდეს უცხოელი სტუდენტების კერძო უნივერსიტეტებში გადანაწილება “ოცნებას”

“ამ გზით ხელისუფლება ეცდება, სახელმწიფო უნივერსიტეტები შეასუსტოს,” – ასე ფიქრობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია “ოცნების” დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაგკავაშირებით.
ის დარწმუნებულია, რომ პრემიერ კობახიძის ინიციატივა, რომ უცხოელი სტუდენტები უნდა გადავანაწილოთ კერძო უნივერსიტეტებში, სავარაუდოდ, კერძო უნივერსიტეტების ინტერესით აიხსნება, რადგან მათ უკან სინამდვილეში არიან გადაწყვეტილებების მიმღებები.
„მაგალითად, შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელიც გიორგი ამილახვარის მინისტრობის პერიოდში გაიყიდა, უცებ აღმოჩნდა, რომ ამილახვარი არის ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში. შეიძლება, საერთოდ წილიც ჰქონდეს. ანუ რეალურად ის იდგეს მისი გაყიდვის უკან. რა თქმა უნდა, მის ინტერესებშია, რომ ეს უცხოელი სტუდენტები მის უნივერსიტეტში გადავიდნენ, ლაპარაკია ასობით მილიონი დოლარის მოგებაზე, რადგან უცხოელი სტუდენტები 10-ჯერ მეტს იხდიან, ვიდრე ქართველები.” – ამბობს ჯანაშია.
ცნობისთვის “ქართული ოცნების” განათლების რეფორმის მიხედვით, კანონის დონეზე დაინერგება პრინციპი, რომლის მიხედვითაც უცხოელმა სტუდენტებმა განათლება კერძო უნივერსიტეტებში უნდა მიიღონ.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წელს 29 857 უცხოელი კერძო უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა და მხოლოდ 7 268 სახელმწიფო სასწავლებელში.
2024-2025 სასწავლო წელს ქვეყანაში 37 125 უცხოელი სტუდენტი იყო, რაც 20.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2023-2024 სასწავლო წელთან შედარებით, როცა საქართველოში 30 701 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.