ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა დროებით პრეზიდენტად ანა ტრიშიჩ-ბაბიჩი დანიშნა. ის თანამდებობას ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიკავებს, რომელიც 23 ნოემბერს იგეგმება.
გარდა ამისა, პარლამენტმა ასევე გააუქმა რიგი კანონები, რომლებსაც დოდიკმა გასულ წელს მოაწერა ხელი, მას შემდეგ, რაც ბოსნიის სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს, ბოსნიის მთავარმა საარჩევნო ორგანომ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერბთა რესპუბლიკის პრორუსული განწყობების მქონე ლიდერს, მილორად დოდიკს პრეზიდენტის მანდატი ოფიციალურად გაუუქმა, მას შემდეგ, რაც მას ერთწლიანი პატიმრობა და პოლიტიკური საქმიანობის ექვსწლიანი აკრძალვა მიესაჯა.
ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დოდიკმა თქვა, რომ დროებითი პრეზიდენტი მხოლოდ “ფორმალურ” ვალდებულებებს შეითავსებს, თუმცა სერბთა რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ნამდვილი პრეზიდენტი კვლავ თავად არის.
Reuters-თან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პარლამენტის მიერ დროებითი პრეზიდენტის დანიშვნას მიესალმა და თქვა, რომ ეს “ბოსნია-ჰერცეგოვინაში კრიზისის განმუხტვის” ძალისხმევის შედეგია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა.
“აშშ მიესალმება სერბთა რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დღევანდელ ნაბიჯს, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში სტაბილურობას განამტკიცებს. ეს ასევე ხსნის გზას აშშ-სთან ერთობლივ ინტერესებზე, ეკონომიკურ პოტენციალსა და საზიარო კეთილდღეობაზე დაფუძნებული კონსტრუქციული პარტნიორობისთვის”. – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მაღალჩინოსანმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრენდან ჰანრაჰანმა Reuters-ისთვის მიცემულ განცხადებაში.