უილსონი: შეფერხება მხოლოდ საკანონმდებლო პროცესია, მეგობარი აქტი აუცილებლად დამტკიცდება

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ შეფერხება, რომელსაც მეგობარი აქტი სენატში წააწყდა, მხოლოდ საკანონმდებლო პროცესია, რომელსაც აუცილებლად გადალახავენ.
“ფორმულას” გადაცემაში, “გეოპოლიტიკა” უილსონმა განაცხადა, რომ მეგობარი აქტი აუცილებლად გავა სენატში, რადგან ის შთაგონებულია ქართველი ხალხის მიერ.
“ეს [სენატში შეფერხება] უბრალოდ საკანონმდებლო პროცესია. მეგობარი აქტი წარმომადგენელთა პალატაში [ამერიკის პარლამენტის ქვედა პალატა] გავიდა 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ. ისინი ვინც წინააღმდეგ მისცეს ხმა, ძირითადად იზოლაციონისტები არიან. ისინი წინააღმდეგნი არიან, რომ ამერიკა მსოფლიოს რომელიმე კუთხეში ჩაერიოს. ყველაფერი მშვენივრად მიდის. 349 ხმა 42-ის წინააღმდეგ წარმომადგენელთა პალატაში – ამაზე უკეთესი მაჩვენებელი რა უნდა იყოს?
რაც შეეხება სენატს, მადლობელი ვარ, რომ იქ სხვანაირი წესებია და არ შეგვეძლო ამ კანონპროექტის სხვა კანონპროექტზე მიბმა, მაგრამ სენატში გვაქვს შესაძლებლობა პროცესი გავაგრძელოთ და ამას გავაკეთებთ.
ჩვენ გვაქვს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის ძლიერი მხარდაჭერა, ასევე დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის ლიდერობაც. ასე რომ ვხედავ ძლიერ მხარდაჭერას”, – განაცხადა ჯო უილსონმა.
მეგობარი აქტი -ის კონგრესის ქვედა პალატამ, უკვე მიიღო, ახლა დარჩენილია სენატი.
ვაშინგტონში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ იუწყება, რომ სენატორი მარკვეინ მალინი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა MEGOBARI ACT-ის ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) ჩართვის გადაწყვეტილებას.
აშშ-ის თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი (NDAA) არის ყოველწლიური ფედერალური კანონი, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკას, ბიუჯეტს და პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც აშშ-ის კონგრესი იღებს.
NDAA ხშირად შეიცავს დებულებებს, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობას ეხება. ეს შეიძლება იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ს აგრესიის წინააღმდეგ დახმარება, ან დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა. ყოველწლიურად, NDAA-ს პროექტი განიხილება და მტკიცდება აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის (წარმომადგენელთა პალატა და სენატი) მიერ, სანამ მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და კანონად იქცევა. მისი დამტკიცების პროცესი ხშირად პოლიტიკური დებატების საგანია, რადგან ის გავლენას ახდენს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე.
როგორც რაუფოღლუს პოსტიდან ირკვევა, ამერიკელი კანონმდებლები MEGOBARI ACT-ის დაკავშირებას სწორედ NDAA-თან ცდილობდნენ.
ჯო უილსონმა ამ საკითხზეც გააკეთა კომენტარი:
“ზოგადად კარგია, რომ სენატში ერთ პირს შეუძლია დაბლოკოს კენჭისყრა, რაც დემოკრატიის ნიშანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ამ პროცესის საბოლოოდ შეჩერება შეუძლია. საბოლოოდ დარწმუნებული ვარ რომ როჯერ უიკერის ძლიერი მხარდაჭერით, საგარეო კომიტეტის წამყვანი დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის თანადგომით, ორივე პარტიის, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ერთობლივი ძალისხმევით, ეს კანონპროექტი გავა. ისევე როგორც ეს წარმომადგენელთა პალატაში მოხდა, სენატშიც 90%-ზე მეტი მხარდაჭერა იქნება. დარწმუნებული ვარ, როცა სენატორ მალენს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან, ისიც გაიაზრებს რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ კანონპროექტის მიღება საქართველოსთვის, რომელსაც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტიც უჭერს მხარს”, – განაცხადა ჯო უილსონმა.
“სენატში შეფერხება უბრალოდ საკანონმდებლო პროცესია, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ. მეგობარი აქტი აუცილებლად დამტკიცდება, რადგან ის ინსპირირებულია ქართველი ხალხის მიერ”, – აცხადებს უილსონი.
მეგობარი აქტი “ოცნების” ლიდერების დასანქცირებას ითვალისწინებს.
კონგრესმენის ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მხრიდან მიღებულ რეპრესიულ კანონებსა და გადაწყვეტილებებს. მისი თქმით, შემთხვევითი არაა, რომ ასეთ კანონებს ერთმანეთის მიყოლებით იღებენ რუსეთსა და ვენესუელაში. კონგრესმენის თქმით, ეს ნიშნავს, რომ დიქტატურები თანამშრომლობენ.
“კარგი ამბავი კი ისაა, რომ დემოკრატიებიც თანამშრომლობენ და დემოკრატია აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა უილსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ