ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელსაც დღს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებაში, ბრალდებას არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
ირაკლი შაიშმელაშვილი 2024 წლის 3 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. მან თანამდებობა საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა. შაიშმელაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, რადგან ის ამჟამად უცხოეთში იმყოფება.
პროკურატურა აცხადებს, რომ შაიშმელაშვილმა “საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა” და რომ ის “ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ, არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა”. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ის რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს და ასაღიარებელიც არაფერია. რა ბრალიც მას აქვს წარდგენილი, სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა” – უთხრა ნათია მეზვრიშვილმა “ინტერპრესნიუსს” და დასძინა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა თავისი განცხადებები “სრულიად კონსტიტუციური უფლების ფარგლებში” გააკეთა.
“საქმეზე წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მისი ბრალი” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შაბათს პროკურატურამ ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა კიდევ 15 პირს წარუდგინა ბრალდება “სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის” საქმეზე.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია სულ 62 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის ს დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
ფორუმი