4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ კიდევ 16 პირს წაუყენა ბრალდება “სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის” საქმეზე. ამის შესახებ განაცხადეს შაბათს პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგზე.
მათგან ერთს, უცხოეთში მყოფ ირაკლი შაიშმელაშვილს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ირაკლი შაიშმელაშვილი 2024 წლის 3 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. მან თანამდებობა საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს “საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ” და სასჯელის სახედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ შაიშმელაშვილმა “საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა”, და რომ ის “ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ, არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა”.
აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ მარიამ მეყანწიშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე “მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირი N21-ში მდებარე ოფისში”.
იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, გია თოლორაიას, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თემურ ქურციკიძეს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდების გარდა ბრალი წაუყენეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს და ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, გარდა მარიამ მეყანწიშვილისა, რომლის შემთხვევაშიც პროკურატურა “სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით” სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია კიდევ 48 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის ს დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
ფორუმი